სერგო ჩიხლაძე - ვადამდელი არჩევნების დათმობა და დღის წესრიგიდან გაქრობა არ მოხდება! ამაზე მტკიცედ დგას „სტრატეგია აღმაშენებელიც“ და სხვა ოპოზიციური პარტიებიც

დიდი იმედი გვაქვს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახლა მაინც გააკეთებს იმას, რაც წინა თვეებში არ გააკეთა და გიორგი რურუას შეიწყალებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ განუცხადა.

ჩიხლაძის განმარტებით, ოპოზიციის წევრებთან დღევანდელ შეხვედრაზე 15 მაისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებითაც ისაუბრეს. როგორც ის აღნიშნავს, 19 აპრილს, ოპოზიციური პარტიების გაფართოებული შეხვედრა გაიმართება, სადაც სამომავლო გეგმებზე იმსჯელებენ.

„რაც შეეხება საერთაშორისო გამოხმაურებებს, ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გუშინ განაცხადა, რაზეც წინააღმდეგი იყო და თანახმა გახდა, ეს არის ზუსტად საერთაშორისო ზეწოლის შედეგი. პოზიტიური შედეგია ის, რომ იმ 5 საკითხიდან თუნდაც 3 საკითხზე ისინი დათანხმდნენ, შეგვიძლია 3 საკითხი გვერდით გადავწიოთ. ახლა მოსალაპარაკებელი რჩება ეს ორი საკითხი - პოლიტიკური პატიმრები და ვადამდელი არჩევნები. ეს ორი თემა იქნება საკმაოდ მძიმე სალაპარაკო თემა მხარეებს შორის, მაგრამ ეს თემები უნდა გადავწყვიტოთ. ამ ორი თემის გარეშე რა კომპრომისი იქნება? სასამართლო სისტემა არ გვინდა, დავთმეთ - ეს კომპრომისია? ან დავთმეთ საარჩევნო სისტემა, არ გვინდა - ეს კომპრომისია? ან ადამიანები ჩავტოვეთ ციხეში - მელია, რურუა, ან ერთ-ერთი მათგანი. ოპოზიციის პასუხისმგებლობა არის ზუსტად ის, რომ გარდამტეხი ცვლილებები დადგდეს ამ ქვეყანაში. ოპოზიციის პასუხისმგებლობა და პოზიციაა ზუსტად ის, რომ თუნდაც, იმ 3 საკითხზე „ქართული ოცნება“ დათანხმდა. ოპოზიციის პასუხისმგებლობა და მტკიცე პოზიცია იქნება იმის საძირკველი, რომ იმ ორ საკითხზეც აუცილებლად შეთანხმება შედგება. ვადამდელი არჩევნებიც უნდა იყოს შეთანხმების დოკუმენტში. „ქართული ოცნება“ ორი კვირის წინ ამბობდა, საერთოდ მოლაპარაკება აღარ უნდა გაგრძელდეს, დროის კარგვა არისო, გუშინ პოზიცია შეცვალეს. ჩვენ თანმიმდევრულები ვართ, ხუთივე საკითხი უნდა იყოს შესრულებული“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

კითხვაზე, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრას მართავს, ნიშნავს თუ არა იმას, რომ შესაძლოა, გიორგი რურუა შეიწყალოს, ჩიხლაძემ უპასუხა, რომ პრეზიდენტს მნიშვნელოვნად შუეძლია კრიზისის განმუხტვა.

„ამ დოკუმენტში საერთოდ არ არის რურუას საკითხი და რა თქმა უნდა, ეს სრულფასოვანი დოკუმენტი ვერ იქნება, ისევე როგორც, არ არის ვადამდელი არჩევნების თემა გაშლილი. რურუას საკითხში, დიახაც, პრეზიდენტს შეუძლია შეასრულოს გადამწყვეტი როლი და შეიძლება მნიშვნელოვანად განმუხტოს ეს სიტუაცია ამ კონკრეტულ პუნქტთან მიმართებაში. თუმცა, ეს მას წინა თვეების განმავლობაშიც შეეძლო გაეკეთებინა. დიდი იმედი გვაქვს, ახლა მაინც გააკეთებს იმას, რაც წინა თვეებში არ გააკეთა და რურუას შეიწყალებს. თუ ორივე პატიმარი დროულად დატოვებს საპატიმროს და არა რაღაც ჰიპოთეთურად, ჩაითვლება, რომ მეოთხე საკითხიც გადაიფურცლა და შევთანხმდით“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

კითხვაზე, გადის თუ არა მხოლოდ ნიკა მელიასა და გიორგი რურუაზე პოლიტიკური მართლმსაჯულება, ჩიხლაძე პასუხობს, რომ ეს ორი ადამიანი პოლიტპატიმრების სიმბოლოა.

„თუ პოლიტიკური პატიმრების საკითხი გადაწყდება, ორივე პატიმარი გამოვა, ეს საკითხიც მოგვარებული იქნება. ერთი საკითხი - ვადამდელი არჩევნები რჩება შესათანხმებელი. ვადამდელი არჩევნების დათმობა, დღის წესრიგიდან გაქრობა არ მოხდება! ამაზე მტკიცედ დგას „სტრატეგია აღმაშენებელიც“ და სხვა ოპოზიციური პარტიებიც, რომლებიც დღეს ვიყავით შეკრებილი“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო