ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, თბილისის მერიის თანამშრომლები 19 აპრილს დაანონსებული შეკრებისთვის რიყის პარკში სცენის მონტაჟის საშუალებას არ აძლევენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, თბილისის მერიის თანამშრომლები რიყის პარკში ხვალ დაანონსებული შეკრებისთვის სცენის მონტაჟის საშუალებას არ აძლევენ.

მისივე განმარტებით, ეს მიუთითებს სიტყვისა და გამოხატვის თვისუფლების პირდაპირი შეზღუდვაზე.

„ხვალ ოპოზიცია გეგმავს, რომ რიყის პარკში გამართოს 15 მაისის საორგანიზაციო შეხვედრა, სადაც ჩვენს საზოგადოებას ვამცნობთ, თუ რა გეგმები აქვს ოპოზიციას 15 მაისის აქციასთან დაკავშირებით.

დღეს, როდესაც აქ მოვიდა ჩვენი ტექნიკური ჯგუფი, რომელსაც უნდა დაეწყო სცენის მონტაჟი, სასწრაფოდ გამოცხადდნენ მერიის თანამშრომლები, რომლებმაც განაცხადეს, რომ ჩვენ თურმე, არ გვაქს უფლება აქ სცენა ავაწყოთ. მინდა განვმარტო, რომ ჩვენ გავაგზავნეთ შესაბამისი წერილი თბილისის მერიაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კანონის მიხედვით არანაირი ვალდებულება არ გვქონდა, რაიმე შეტყობინება გაგვეგზავნა მერიისთვის. იმიტომ რომ, ასეთი შეტყობინებები იგზავნება, მხოლოდ მაშინ როდესაც ფერხდება სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება. ახლა რიყის პარკში ვიმყოფებით საჯარო სივრცეში, სადაც ნებისმიერ ადამიანს და პოლიტიკურ პარტიას აქვს შეკრების გამართვის უფლება. ამისთვის არანაირი წინასწარი გაფრთხილება არ არის საჭირო. ჩვენ მაინც გავაგზავნეთ წინასწარი წერილი თბილისის მერიაში და განვმარტეთ, რომ ხვალ აქ იგეგმება შეკრება. მიუხედავად ამისა მერიის თანამშრომლები უარს აცხადებენ, რომ დაიწყოს სცენის მონტაჟი. ეს არის სიტყვისა და გამოხატვის თვისუფლების პირდაპირი შეზღუდვა. გასაგებია ხელისუფლებას ძალიან ეშინია 15 მაისის და ყველა უკანონო ქმედებას ჩადის იმისათვის, რომ ეს შეკრება არ გაიმართოს“,- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიცია 15 მაისის აქციისთვის აქტიურად ემზადება. ოპოზიციის ლიდერები გასულები არიან რეგიონებში და მართავენ შეხვედრებს.

„მინდა დავარწმუნო საზოგადოებაც და „ქართული ოცნებაც“ 15 მაისის შეკრება აუცილებლად შედგება. ხელისუფლება აუცილებლად დაინახავს ქართველი ხალხის პროტესტს იმ უკანონობაზე, რომელიც ქვეყანაში სუფევს. ასევე, ხვალაც აუცილებლად გაიმართება ეს შეკრება სურს თუ არა ეს თბილისი მერიას და ხელისუფლებას. ასე რომ, ტყუილად ნუ ცდილობენ ხელოვნური ბარიერები შეგვიქმნან“,- აღნიშნა უდუმაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა