გიორგი ვაშაძე - ჩემთვის ეს დოკუმენტი მისაღებია - დაველოდები პარტიის პოლიტსაბჭოს და რაც მთავარია, „ქართული ოცნების“ თანხმობას

პოლიტპატიმრების და რიგგარეშე არჩევნების საკითხიც არის გადაწყვეტილი - ჩემთვის ეს დოკუმენტი მისაღებია, დაველოდებით სხვა კოლეგების თანხმობასაც და რაც მთავარია, „ქართული ოცნების“ თანხმობას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დოკუმენტში, რომელიც დღეს დაიდო, შესაძლებელია მხოლოდ ტექნიკური ცვლილებები შევიდეს. ვაშაძის ინფორმაციით, პირველივე პუნქტში საუბარია პოლიტპატიმრების საკითხის გადაწყვეტაზე. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებთან მისასვლელ გზას, „მითითებულია 43 პროცენტის აღების აუცილებლობა „ქართული ოცნების“ მხრიდან“.

„ეს არის ფაქტობრივად, საბოლოო დოკუმენტი - შეიძლება ასე ითქვას, რომელშიც მხოლოდ ტექნიკური ცვლილებები შეიძლება შევიდეს. ბევრი რამ შეიძლება კიდევ მინდოდა, რომ ყოფილყო ამ დოკუმენტში, მაგრამ ეს არის დოკუმენტის შინაარსი, რომელიც მეტ-ნაკლებად მისაღები უნდა იყოს ყველა მხარისთვის. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩემს პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტსაბჭოსთან მექნება მსჯელობა ამასთან დაკავშირებით. ამ დოკუმენტის პირველ პუნქტში პირდაპირ მითითებულია ორივე პოლიტპატიმრის საკითხი, ორივეს საკითხი უნდა გადაწყდეს და უნდა გადაწყდეს მოკლე ვადაში, იმასაც გეტყვით, რომ რურუას შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ამნისტიის კანონი, ეს შეიძლება იყოს პრეზიდენტის შეწყალება. ერთიც და მეორე მექანიზმიც შეიძლება იყოს გამოყენებული და ეს არის მკაფიო პოზიცია გამოხატული ამ დოკუმენტში. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებთან მისასვლელ გზას, აქ მითითებულია 43 პროცენტის აუცილებლობის აღება „ქართული ოცნების“ მხრიდან, რაც გულისხმობს იმას, რომ დოკუმენტში ხუთივე პუნქტთან დაკავშირებით კონკრეტული ჩანაწერი არის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ პირნათელი ვიქნებით ჩვენს მხარდამჭერებთან, საზოგადოებასთან, რომელსაც გულწრფელად უნდა შეთანხმება ამ საკითხზე და ვფიქრობ, ეს არის ის რაციონალური კომპრომისული ვარიანტი, რომელიც მედიატორებმა ჩვენ შემოგვთავაზეს. პირდაპირ გეტყვით, რომ ამ ჩართვის დროს იყო კიდეც საუბარი, რომ ახლა 4 წლის მანძილზე არავინ აპირებს არც აშშ-ის და არც ევროპის მხრიდან, რომ მუდმივად მედიატორები იყვნენ ამ მოლაპარაკებაში, ამიტომ ყველას გვმართებს ღირსეული მიდგომა, სახელმწიფოებრივი მიდგომა, რასაც მე ვერ ვხედავ „ქართული ოცნების“ მხრიდან და ძალიან გაწბილებული ვარ დღევანდელ დღეს და მინდა ვთქვა, რომ ამ ხელმოწერას კი არ დაიმახსოვრებენ, ვინ მოაწერა და ვინ არ მოაწერა ხელი ათწლეულების მერე, დაიმახსოვრებენ ერთ რამეს თანამედროვე პირობებში, 2021 წელს ქართულ პოლიტიკურ სპექტრს აღმოაჩნდა შესაძლებლობა კონსენსუსის შეთანხმების, თუ როგორც 90-იანებში მოხდა, საშინელ დაპირისპირებაში გადავიდა ყველაფერი, როცა ვერ შეთანხმდნენ ადამიანები. ამიტომ მე ვფიქრობ, შეთანხმების გზით უნდა ვიაროთ და იმედი მაქვს, ეს დესტრუქცია, რომელიც დღეს არის „ქართული ოცნების“ მხრიდან, იქნება გამოსწორებული და შეთანხმება შედგება“, - განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, ის რომ დღევანდელ შეხვედრას არ დაესწრო „ქართული ოცნება“, ეს მათი მხრიდან დესტრუქციაზე მიუთითებს.

„მათ დღესაც გაუგებარი რამ თქვეს, რომ იმ დოკუმენტზე მოაწერეს ხელი, რომელიც არ იყო საბოლოო ვარიანტი. დღეს რატომ არ მოვიდნენ, არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, არც მედიატორებმა იციან და არავინ იცის. ჩემთვის ეს არის დესტრუქცია, რაც დღეს მათ გააკეთეს. იმედი მაქვს, ამას ამაღამ გამოასწორებენ და სწრაფად გონს მოეგებიან. ჩემთვის ეს დოკუმენტი არის მისაღები, მაგრამ ჩემს პოლიტსაბჭოსთან მექნება მსჯელობა და ჩვენ დაველოდებით სხვა კოლეგების თანხმობასაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რაც მთავარია „ქართული ოცნების“ თანხმობას“, - გაანცხადა ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო