ირაკლი ქადაგიშვილი - ერთ-ორ პროცენტზე ვაჭრობა ცოტა უხერხულად მეჩვენება - ჩვენთვის მისაღებია ის დოკუმენტი, რასაც ხელი მოვაწერეთ

ჩვენთვის მისაღებია ის დოკუმენტი, რასაც ხელი მოვაწერეთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა მედიასთან განაცხადა, რითაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ საქართველოს პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ ახალ წინადადებას გამოეხმაურა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტში „ერთ-ორ პროცენტზე ვაჭრობა ცოტა უხერხულად ეჩვენება“.

„ჩვენ მოვაწერეთ დოკუმენტს ხელი, რომელიც ხანგრძლივი განხილვის შედეგი იყო. იმ დოკუმენტში საერთოდ არაფერი იყო ნათქვამი არანაირ პროცენტებზე და არანაირი ბმა არ არსებობდა რაიმე კუთხით რიგგარეშე არჩევნებთან. ჩვენ, ჩვენი ინიციატივით ვთქვით საერთოდ, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ 40%-ზე ნაკლებს აიღებს, მაშინ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ზოგადად, რაიმე სახით რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ თავის ინიციატივით განაცხადა, რომ თუ თვითმართველობის არჩევნებში 40%-ს ვერ აიღებდა, არჩევნების ჩატარებაზე ოპოზოციის მოთხოვნას დათანხმდებოდა.

„ვფიქრობ, ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯი ნამდვილად რეალისტური, კომპრომისულია და ჩვენ ჩვენს მიერ აღებული ვალდებულების ერთგული დავრჩებით. ალბათ, ამაზე ხვალ იქნება მსჯელობა. დღეს ამ ინფორმაციას ექსპრომტად ვიგებთ. ალბათ ჩვენ დავრჩებით იმ პოზიციაზე, რაც ჩვენი ინიციატივით გამოვხატეთ. ჩვენთვის არავის უთხოვია არც 43% და არც 25%. ჩვენ თვითონ ვთქვით ეს რიცხვიც და ეს დათქმაც. აქ, ახლა ერთ-ორ პროცენტზე ვაჭრობა ცოტა უხერხულად მეჩვენება.

რაც შეეხება პატიმრებთან დაკავშირებულ საკითხს,დოკუმენტიდან გამომდინარე ნათლად ვთქვით, რომ თუ მოხდება ნიკა მელიას მხრიდან გირაოს გადახდა, მზადყოფნა გამოვთქვით, რომ პოლიტიკური ამნსიტია შედგეს 20 ივნისის მოვლენების გარშემო. ვფიქრობ, აქ არაფერი საკონსულტაციო აღარ არის იმიტომ, რომ ჩვენი მხრიდან 40% შემოვიტანეთ და 3%-ზეა ვაჭრობა? გაურკვეველია. ჩვენთვის მისაღებია ის დოკუმენტი, რასაც ხელი მოვაწერეთ. უფრო კონკრეტულები ვიქნებით, როდესაც ხვალ შეკრება გაიმართება“,-განაცხადა ქადაგიშვილმა.

კითხვაზე, რატომ არ ესწრებოდნენ ოპოზიციასთან დაგეგმილ დღევანდელ შეხვედრას მმართველი გუნდის წევრები, მან უპასუხა, რომ „ქართულ ოცნებას“ დოკუმენტზე ხელი უკვე მოწერილი ჰქონდა.

„ჩვენ დოკუმენტზე ხელი მოწერილი გვქონდა. ვფიქრობთ, ალბათ, მათ უნდა შესთავაზონ ის დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოვაწერეთ“,-განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. წინადადება ხუთ პუნქტს მოიცავს. მათ შორის არის, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხები და მომავალი არჩევნები.

დოკუმენტის თანახმად, ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

ამასთან, შარლ მიშელის წინადადების თანახმად, "ქართული ოცნების" 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია "ქართული ოცნება" მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.

დოკუმენტის სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://www.interpressnews.ge/ka/article/652059-sharl-misheli-akveqnebs-axal-cinadadebas-romelic-sakartvelos-politikur-partiebs-shestavaza .

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
Webster University Georgia-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა დაემატა
Webster University Georgia-ს კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა დაემატა