გია ხუხაშვილი შარლ მიშელის ახალ წინადადებაზე - ბოლო შანსია, რომ ამ ნეგატიური პოლიტიკური სპირალიდან გამოვიდეს ქვეყანა

ბოლო შანსია, რომ ამ ნეგატიური პოლიტიკური სპირალიდან გამოვიდეს ქვეყანა, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ საქართველოს პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ ახალ წინადადებას გამოეხმაურა.

გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის კომპრომისის მიღწევა რამდენიმე თვის წინ იყო შესაძლებელი, თუმცა როგორც ის აცხადებს, „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“.

„ვფიქრობ, უნდა მოაწერონ ხელი არა საკუთარი პარტიული გათვლებიდან გამომდინარე, არამედ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.

ეს პრაქტიკულად ბოლო შანსია, რომ ამ ნეგატიური პოლიტიკური სპირალიდან გამოვიდეს ქვეყანა. ძალიან ბევრი გამოწვევა გვაქვს, დასავლეთიდან ამას დიდი ხანია გვეუბნებიან, საზოგადოების განწყობაც ასეთია.

მე ვხედავ აქ კომპრომისს. მოლაპარაკების მაგიდაზე 2 ძირითადი საკითხი იდო. პრაქტიკულად, ერთი არის პატიმრებთან დაკავშირებული საკითხი და ამ შეთანხმებით თითქოს, ეს წყდება, ვფიქრობ, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებული კომპრომისიც მისაღებია. ჩემთვის გაუგებარია ის რიტორიკა, რაც ოპოზიციისგან მესმის, რომ თურმე ადგილობრივ არჩევნების შედეგებზე ამის მიბმა არ შეიძლება.

თუ კამპანია იქნება ნორმალურად ჩატარებული, ყველას კარგად ესმის, რომ თუ ადგილობრივ არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მიაღწია წარმატებას და დაინიშნა რიგგარეშე არჩევნები, ისინი რიგგარეშე არჩევნებსაც პირწმინდად წააგებენ. ვერ ვხედავ პრობლემას, რის გამოც ოპოზიციამ კიდევ უნდა გააგრძელოს ვაჭრობა. ამ 3 %-ზე ვაჭრობაც არ მიმაჩნია რელევანტურად.

გულდასაწყვეტია, რომ ამ კომპრომისის მიღწევა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ იყო შესაძლებელი, ამ მონოლოგების კაკაფონიას რომ გაცდენოდნენ მხარეები და ეს ყველაფერი რეალურ დიალოგში გადასულიყო. ეს დრო დაიკარგა მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“,-აცხადებს ხუხაშვილი.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. წინადადება ხუთ პუნქტს მოიცავს. მათ შორის არის, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხები და მომავალი არჩევნები.

დოკუმენტის თანახმად, ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

ამასთან, შარლ მიშელის წინადადების თანახმად, "ქართული ოცნების" 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია "ქართული ოცნება" მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.

დოკუმენტის სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო