გიორგი ვაშაძე - თუ თბილისში, „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებს წააგებს, ეს იქნება საოცარი შესაძლებლობა ოპოზიციისთვის, რომ უმრავლესობა აიღონ საკრებულოში

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ იმ მიღწევებზე ისაუბრა, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ საქართველოს პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ წინადადებაშია ასახული.

როგორც გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ აღნიშნა, თუ თბილისში, „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებს წააგებს, ეს იქნება „საოცარი შესაძლებლობა ოპოზიციისთვის, რომ უმრავლესობა აიღონ თბილისის საკრებულოში“.

„ფაქტობრივად, მივაღწიეთ პოლიტიკური პატიმრების აღიარებას და იმას, რომ ორივე უნდა გათავისუფლდეს. ეს პროცედურა 1 კვირაში უნდა დაიწყოს. ჩემი აზრით, ამ მუხლში დახურულია ყველაფერი. გუშინ საუბარი იყო საარჩევნო რეფორმებზე. დამისახელეთ, ბოლო 9 წლის განმავლობაში იმდენი რეფორმა, რაც ჩვენ ამ შეთანხმებით წამოვიღეთ.

თუ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, იქნება სრულად პროპორციული წესით და არა 120/30 პრინციპი. ბარიერი 2%-მდე დავწიეთ, რომ ახალ პოლიტიკურ ძალებს მივცეთ შესაძლებლობა, არ იყოს ეს ორპოლუსიანობა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შევცვალეთ პროპორცია, პროპორციული ნაწილი გაიზარდა. თბილისში თუ იყო 25/25-ზე, მაგალითად, თბილისის საკრებულოში წარმომადგენლობა, ახლა იქნება 40 პროპორციული, 10 მაჟორიტარული.

ჩემი აზრით, თბილისში, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა წააგოს თვითმმართველობის არჩევნები, საოცარი შესაძლებლობაა ოპოზიციისთვის, რომ უმრავლესობა ავიღოთ თბილისის საკრებულოში. არჩევნების გზით უნდა ვიაროთ, სხვა გზების მე არ მჯერა.

საარჩევნო ადმინისტრაცია ტოტალურად იცვლება. მითხრას ვინმემ, რომელიმე შეთანხმებაში ბწკარი მაინც თუ იყო ასეთ პროპორციებზე საარჩევნო ადმინისტრაციაში.

8 ოპოზიციური წარმომადგენელი იქნება, 17-კაციან კომისიაში. პროფესიული ნაწილის დანიშვნაში გვაქვს უზარმაზარი მექანიზმები. ეს არის 2/3-იანი უმრავლესობის აუცილებლობა. „ქართული ოცნება“ არის 84, არ აქვს 100 ხმა, შესაბამისად, პროფესიული კომისიის წევრების შერჩევაში ჩვენ შეგვიძლია აქტიურად ვიმუშაოთ.

ტექნოლოგიური ცვლილებები ,რომელიც რეგისტრირებულია პარლამენტში, უნდა მოესწროს თვითმმართველობის არჩევნებამდე“, -აცხადებს ვაშაძე.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. წინადადება ხუთ პუნქტს მოიცავს. მათ შორის არის, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხები და მომავალი არჩევნები.

დოკუმენტის თანახმად, ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

ამასთან, შარლ მიშელის წინადადების თანახმად, "ქართული ოცნების" 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია "ქართული ოცნება" მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს. დოკუმენტის სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს