ნატო ჩხეიძე - მე ვიქნები ბოლო დეპუტატი, ვინც შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერას დათანხმდება

„ნაციონალური მოძრაობის“ სიით პარლამენტში გასული დეპუტატის, ნატო ჩხეიძის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელს იმ შემთხვევაში მოაწერს, თუ მასზე პარტიის სიით გასული ყველა ოპოზიციონერი დეპუტატის ხელმოწერა იქნება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჩხეიძემ განუცხადა, ის ბოლო დეპუტატი იქნება, ვინც დოკუმენტზე ხელმოწერას დათანხმდება.

„მოკლედ რომ გიპასუხოთ, დოკუმენტს ხელს არ მოვაწერ. სხვა საკითხია კომპრომისზე უნდა წავიდეთ თუ არა. უნდა შევჯერდეთ ყველანი ერთად. თუკი ინდივიდუალურ გადაწყევეტილებზეა ლაპარაკი, მაშინ მე ბევრ ბუნდოვანებას ვხედავ ამ დოკუმენტში, რომელიც საბოლოოდ იქნება „ოცნებისთვის“ სასარგებლო ანუ შენარჩუნდება ის მმართველობა, რაც აქამდე იყო, საზოგადოება კი ვერ მიიღებს იმ ცვლილებებს, რისთვისაც მთელი ამ ხნის განმავლობაში იბრძოდა ოპოზიცია ხალხთან ერთად. დიდ განსხვავებას ამ დოკუმენტსა და მანამდე შემოთავაზებულ დოკუმენტს შორის ვერ ვხედავ, თუნდაც იმაში, რაშიც სხვები ხედავენ განსახვავებას - პოლიტპატიმრების გათავისუფლების მექანიზმი აქ არისო, რომ ამბობენ. საქმე ის არის, რომ იმ მექანიზმზე, რაც დოკუმენტშია, ისინი ყაბულს არ არიან. ნიკა მელია თანახმა არ არის გირაოს გადახდაზე და არც უნდა გამოვიდეს გირაოთი. ის უნდა გამოვიდეს, როგორც უდანაშაულო, ეს არის მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამასთან, საკმაოდ არასასიამოვნოა 20 ივნისის საქმეზე ამნისტია და ბუნდოვანია ეს ვის ეხება. თუ ყველას უნდა შეეხოს, მაშინ საზოგადოება და პირადად მეც წინააღმდეგი ვიქნები. 20 ივნისს მოხდა დანაშაული და არ შეიძლება ამ დანაშაულის ამნისტირება კომპრომისის ეგიდით“, - განაცხადა ჩხეიძემ და დასძინა: „ახლა ვინც ბოიკოტის რეჟიმში ვართ და ვამბობთ, რომ ერთ აზრზე ვართ, ასეთი 51 დეპუტატია. მე ვიქნები 51-ე, ვინც ხელს მოაწერს ამ დოკუმენტს, რადგან „ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანს“, ყველაზე ბოლო ვიქნები ალბათ ვინც ამას დავთანხმდები“.

რაც შეეხება ვადამდელი არჩევნების საკითხს, რომელიც დოკუმენტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე იქნება დამოკიდებული, ჩხეიძე აღნიშნავს, რომ „ეს ნონსენსია“.

„მსოფლიოში არ არსებობს, რომ ერთი არჩევნები მეორეს წინაპირობა იყოს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ევროპელი კოლეგებიც ასეთ პრეცედენტს და მაგალითს ვერ ნახავენ. გვეუბნებიან, ეს არის კომპრომისიო, მაგრამ ბევრი გაუგებრობაა ამ კომპრომისში, მაგალითად, რატომ 43% და არა სხვა? საიდან არის ეს 43%? თუკი ერთ არჩევნებს წააგებს მმართველი გუნდი, თავისთავად წააგებს სხვა არჩევნებსაც. ეს ბუნებრივი პროცესია და არანაირი დათქმა არ უნდა. ამიტომ ერთი არჩევნების მიბმა მეორეზე სრულიად ალოგიკური ამბავია. ასეთ ალოგიკურობაზე შეთანხმება კი, საბოლოოდ კარგ შედეგს არ გამოიღებს“, - განაცხადა ჩხეიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო