გიორგი ბარამიძე - სალომე სამადაშვილი არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მისი ნაბიჯი არ გამოხატავს იმ პოზიციას, რაც პარტიის პოლიტიკურ საბჭოს აქვს

სალომე სამადაშვილი არ წარმოადგენს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და მისი ეს ნაბიჯი არ გამოხატავს იმ სულისკვეთებასა და პოზიციას, რაც აქვს ენმ-ის პოლიტიკურ საბჭოს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ბარამიძე აღნიშნავს, საქართველოს პარლამენტი, სადაც პოლიტიკური პარტიების წევრები შევლენ, ქართველი ხალხის უმრავლესობის პოლიტიკურ ნებას არ გამოხატავს.

„ენმ-ის ბევრი წევრი და მხარდამჭერი გვეკითხება, სალომე სამადაშვილი ახლა ვისი სახელით დგას ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის სასახლეში? მინდა, გარკვევით ყველას კიდევ ერთხელ ვუთხრა (ქალბატონმა სამადაშვილმა თვითონაც განმარტა), რომ ის არ წარმოადგენს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და მისი ეს ნაბიჯი არ გამოხატავს იმ სულისკვეთებასა და პოზიციას, რაც აქვს ენმ-ის პოლიტიკურ საბჭოსა და წევრთა და მხარდამჭერთა აბსოლუტური უმრავლესობის აზრს.

სადაც ეს ხალხი შედის, ვინც იქ დგას, ის არაა საქართველოს პარლამენტი, რომელიც გამოხატავს ქართველი ხალხის უმრავლესობის პოლიტიკურ ნებას, არამედ ეს ორგანო არის ოლიგარქ ივანიშვილის მიერ, გაყალბებისა და ძალადობის გზით, ხელისუფლების უზურპაციის ინსტრუმენტი.

სანამ პოლიტპატიმრები (ნიკა მელია, გიორგი რურუა) არ გათავისუფლდებიან, სანამ პოლიტიკური დევნა არ შეწყდება (მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ავთო წერეთელი და სხვები) პოლიტიკოსებისა და მედია მფლობელების მიმართ, სანამ არ გვექნება ისეთი საარჩევნო სისტემა და ადმინისტრაცია, რომლის პირობებში არჩევნების გაუყალბებლად ჩატარების საფუძვლიანი იმედი შეიძლება გვქონდეს, იქამდე ჩვენი მშვიდობიანი ბრძოლა უზურპატორი ოლიგარქის რეჟიმის წინააღმდეგ გაგრძელდება“, - წერს ბარამიძე.

ცნობისთვის, შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელისუფლებასა და ოპოზიური პარტიების ნაწილს შორის შეთანხმება შედგა. დოკუმენტს რამდენიმე წუთის წინ, ორბელიანების სასახლეში ხელი მოეწერა.

კერძოდ, შეთანხმების ტექსტს ოპოზიციური სპექტრიდან ხელი მოაწერეს: „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ, „ლელოს“ ლიდერებმა - ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ, „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა და „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა. ასევე დოკუმენტზე ინდივიდუალური ხელმოწერა დააფიქსირეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა, პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა დავით ბაქრაძემ და „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძემ.

დოკუმენტს ამ ეტაპზე არ შეერთებია „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, შესაბამისად, შეთანხმების ტექსტს არ აქვს მათი ხელმოწერა.

შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ თანხმობა დააფიქსირა „ქართულმა ოცნებამაც“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა