ირაკლი ღარიბაშვილი - მადლობას მოვახსენებთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ევროკავშირის წარმომადგენლობას და აშშ-ის საელჩოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა" ხელისუფლებასა და ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის მიღწეულ შეთანხმებას, სოციალურ ქსელ „ტვიტერში" ეხმაურება.

მთავრობის მეთაური მადლობას უხდის ევროპული კომისიის პრეზიდენტს, ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, აშშ-ის საელჩოს საქართველოში და ხაზს უსვამს, რომ დემოკრატიამ და დიალოგმა კიდევ ერთხელ გაიმარჯვეს.

„დღეს გამარჯვებული საქართველოა. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ ხელი მოაწერა ევროკავშირის მედიაციის შედეგად მიღებულ შეთანხმებას. მადლობას მოვახსენებთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, აშშ-ის საელჩოს საქართველოში. დემოკრატიამ და დიალოგმა კიდევ ერთხელ გაიმარჯვეს, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ცნობისთვის, შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელისუფლებასა და ოპოზიური პარტიების ნაწილს შორის შეთანხმება შედგა. დოკუმენტს რამდენიმე წუთის წინ, ორბელიანების სასახლეში ხელი მოეწერა.

კერძოდ, შეთანხმების ტექსტს ოპოზიციური სპექტრიდან ხელი მოაწერეს: „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ, „ლელოს“ ლიდერებმა - ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ, „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა და „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა. ასევე დოკუმენტზე ინდივიდუალური ხელმოწერა დააფიქსირეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა, პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა დავით ბაქრაძემ და „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძემ.

დოკუმენტს ამ ეტაპზე არ შეერთებია „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, შესაბამისად, შეთანხმების ტექსტს არ აქვს მათი ხელმოწერა.

შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ თანხმობა დააფიქსირა „ქართულმა ოცნებამაც“.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს