ნინო ლომჯარია - მივესალმები შეთანხმების მიღწევას - შეუთანხმებლობით გამოწვეული შედეგები ქვეყნისთვის უმძიმესი იქნებოდა

მივესალმები შეთანხმების მიღწევას! ეს იყო სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება! შეუთანხმებლობით გამოწვეული შედეგები ქვეყნისთვის უმძიმესი იქნებოდა, - ამის შესახებ “ფეისბუქზე“ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია წერს.

“მჯერა, რომ შეთანხმების მიღწევა ნიშნავს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში ახალი შესაძლებლობების გაჩენას, ასევე, შეთანხმებაში მოყვანილი საკითხების (სასამართო, საარჩევნო რეფორმები, პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულება) კეთილსინდისიერ შესრულებაზე ძალიან მკაცრ ზედამხედველობას ევროკავშირის და ამერიკის მთავრობების მხრიდან“, - აცხადებს ომბუდსმენი.

ცნობისთვის, შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელისუფლებასა და ოპოზიური პარტიების ნაწილს შორის შეთანხმება შედგა. დოკუმენტს რამდენიმე წუთის წინ, ორბელიანების სასახლეში ხელი მოეწერა.

კერძოდ, შეთანხმების ტექსტს ოპოზიციური სპექტრიდან ხელი მოაწერეს: „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ, „ლელოს“ ლიდერებმა - ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ, „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა და „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა. ასევე დოკუმენტზე ინდივიდუალური ხელმოწერა დააფიქსირეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა, პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა დავით ბაქრაძემ და „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძემ.

დოკუმენტს ამ ეტაპზე არ შეერთებია „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, შესაბამისად, შეთანხმების ტექსტს არ აქვს მათი ხელმოწერა.

შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ თანხმობა დააფიქსირა „ქართულმა ოცნებამაც“.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს