ვახტანგ ძაბირაძე - თუ „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში შევა, ალბათობა იმისა, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება, გაცილებით მაღალია, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ ქუჩაში დარჩებიან

თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევა, ალბათობა იმისა, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება, გაცილებით მაღალია, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ ქუჩაში დარჩებიან, - ამის შესახებ ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მან ხელისუფლებასა და ოპოზიური პარტიების ნაწილს შორის შეთანხმება შეაფასა და აღნიშნა, რომ დოკუმენტზე ხელმოწერა მათი მხრიდან გადადგმული სწორი და გამართლებული ნაბიჯია.

„ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ხელმოწერა იყო, რადგან თუ ჩვენ მართლა გვინდა, დღეს თუ არა, ხვალ მაინც პერსპექტივა დაგვრჩეს იმის, რომ ევროკავშირისკენ მივდივართ, მაშინ როგორი შემოთავაზებებიც არ უნდა იყოს, ამ დოკუმენტს სწორედ ის ხალხი გვთავაზობს, რომლებმაც უნდა გადაწყვიტონ, ვიქნებით თუ არა ევროკავშირის წევრი. თუ ისინი დარწმუნდებიან იმაში, რომ ჯერჯერობით მზად არ ვართ, (გულწრფელად რომ ვთქვათ, მზად მართლაც არ ვართ), მაშინ ეს პროცესი, რომელიც ისედაც გაჭიანურებულია და ამ ეტაპზე გაფართოებისთვის ადგილი დახურულია, გამოვა, რომ ჩვენი გაწევრიანების პერსპექტივა კიდევ უფრო გადაიწევს. ამიტომ, ეს გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივად ძალიან მნიშვნელოვანიცაა, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ოპოზიცია ფიქრობდეს, ეს ძალიან დიდი კომპრომისია. თუმცა, ორივე მხარე მიიჩნევს, რომ ისინი კომპრომისზე წავიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ქართველ პოლიტიკურ კლასზე დიდი წარმოდგენა არ მაქვს, ამ კრიტიკულ და კრიზისულ სიტუაციაში, მათ მიერ გადადგმული ნაბიჯი სწორი და გამართლებულია“, - განაცხადა ძაბირაძემ.

მან აღნიშნა, რომ „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია სრულიად გაუგებარია, რომლებსაც ჯერჯერობით დოკუმენტზე ხელი არ მოუწერიათ.

„მათი პოზიცია უფრო მეტად გაუგებარი მგონია, ვიდრე ხისტი ან პრინციპული. თავიდანვე მივიჩნევდი, რომ ოპოზიციას ბოიკოტი არ უნდა გაემოეცხადებინა, პარლამენტში უნდა შესულიყო და იქედან ემოქმედა. ვფიქრობ, თუ ეს პარტიები პარლამენტს გარეთ დარჩებიან, „ევროპული საქართველო“ ამომრჩეველს საერთოდ დაკარგავს. მისი ამომრჩეველი მთლიანად გადაბარგდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ უბრალოდ მარგინალიზაციის პროცესს დაიწყებს“,-განაცხადა ძაბირაძემ.

მისი შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტის რეჟიმში დარჩება და პროტესტს ქუჩაში გააგრძელებს, ამომრჩეველს დაკარგავს.

„ჩემი პროგნოზი ძალიან პესიმისტურია. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტის რეჟიმში იქნება და ქუჩაში დარჩება, ის თანადათან ამომრჩეველს დაკარგავს, რადგან პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი პარლამენტში გადაინაცვლებს და პარლამენტის ოპოზიცია ჩაანაცვლებს „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც ოპოზიციას“,-განაცხადა ძაბირაძემ.

მან არ გამორიცხა, რომ შესაძლოა „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკოსებმა დატოვონ. ძაბირაძე იმედოვნებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პოზიციას შეიცვლის და დოკუმენტს ხელს მოაწერს.

„ქუჩაში დარჩენილ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ეყოლება არც ელექტორატი და არც მოკავშირე პარტნიორებიდან, აბა რის იმედზე აპირებს მაგალითად, ქუჩაში პოლიტიკური პროცესის წარმართვას? სრულიად გაუგებარი და არარეალურია. ამიტომ, მგონია, რომ მაინც ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, უბრალოდ პროცესს ცოტა აჯანჯლებენ“,- განაცხადა ძაბირაძემ.

ცნობისთვის, შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელისუფლებასა და ოპოზიური პარტიების ნაწილს შორის შეთანხმება შედგა. დოკუმენტს ხელი ორბელიანების სასახლეში მოეწერა.

კერძოდ, შეთანხმების ტექსტს ოპოზიციური სპექტრიდან ხელი მოაწერეს: „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ, „ლელოს“ ლიდერებმა - ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ, „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა და „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა. ასევე დოკუმენტზე ინდივიდუალური ხელმოწერა დააფიქსირეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა, პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა დავით ბაქრაძემ და „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძემ. დოკუმენტს ამ ეტაპზე არ შეერთებია „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, შესაბამისად, შეთანხმების ტექსტს არ აქვს მათი ხელმოწერა. შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ თანხმობა დააფიქსირა „ქართულმა ოცნებამაც“.

იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2021
ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
გოგა მელიქიძე - საპენსიო სააგენტო კაპიტალის ბაზარზე საგრძნობლად გააქტიურდება
როგორ გავხადოთ თქვენი ქალაქი ჭკვიანი და უსაფრთხო: გადაწყვეტილება Ekin-ისგან ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე
ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა
"ბარაქამ" აგრომაღაზია და ფერმერთა მომსახურების ცენტრები გახსნა - რას სთავაზობს კომპანია ფერმერებს
"ვოლტი საქართველო" 3 წლის გახდა