კონფერენცია „ბათუმის თოქშოუ: მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა მწვანე ეკონომიკისა და სუფთა ჰაერის უზრუნველყოფის ღონისძიებებით” გაიმართა

გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) 69-ე სესიის ფარგლებში, ონლაინ კონფერენცია „ბათუმის თოქშოუ: მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა მწვანე ეკონომიკისა და სუფთა ჰაერის უზრუნველყოფის ღონისძიებებით” (Batumi Talk Show: Scoring SDGs through action on green economy and clean air) გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

კონფერენციაში მონაწილეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა მიიღო.

კონფერენცია UNECE-ის და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ევროპის რეგიონული ოფისის მიერ იყო ორგანიზებული.

უწყების ინფორმაციით, ონლაინ კონფერენციის მიზანი 2016 წელს ბათუმში გამართული რიგით მე-8 გარემოსდაცვით მინისტერიალზე „გარემო ევროპისათვის“ მიღებული ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა იყო.

„აღნიშნულ მინისტერიალზე მიღებულ იქნა 2 მნიშვნელოვანი ინიციატივა: „ბათუმის ინიციატივა მწვანე ეკონომიკის შესახებ” (BIG-E) და „ბათუმის ქმედებები სუფთა ჰაერისთვის” (BACA). BIG-E და BACA წარმოადგენს მნიშვნელოვან რეგიონულ გარემოსდაცვით ინიციატივებს და მოიცავს რეგიონის ქვეყნების მიერ წარდგენილ ნებაყოფლობით ვალდებულებებს ეროვნულ დონეზე მწვანე ეკონომიკის განვითარების და სუფთა ჰაერის უზრუნველყოფისთვის.

ონლაინ კონფერენციაზე, ბათუმის მინისტერიალის ინიციატივების მონაწილე 6 ქვეყნის წარმომადგენლებმა BIG-E-ის და BACA-ს ვალდებულებების განხორციელების პროცესი განიხილეს და მათ მიერ აღებული ახალი ვალდებულებები წარმოადგინეს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილემ შეხვედრის საქართველოს მიერ BACA-ს 7 ნებაყოფლობითი ვალდებულების განხორციელების შესახებ მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ასევე, აღნიშნული ვალდებულებების განხორციელების პროცესში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების როლსა და აქტიურ ჩართულობაზე ყურადღება გაამახვილა.

„საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს BACA-ს ფარგლებში აღებული ვალდებულების განხორციელების კუთხით, რომელიც მოიცავს ქმედებებს ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის და შეფასების სისტემის გაუმჯობესებისა და ტრანსპორტის სექტორიდან ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად”,- განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ წარდგენილი BACA-ს ახალი, მერვე ნებაყოფლობითი ვალდებულება ითვალისწინებს აქროლადი ორგანული ნაერთების (აონ, VOC) გაფრქვევების შემცირებას ბენზინის შენახვა/დისტრიბუციისა და საღებავების მოხმარების სექტორიდან.

ამასთანავე, მონაწილეებს აცნობა, რომ საქართველომ აიღო დამატებითი ნებაყოფლობითი ვალდებულება BIG-E-ს ფარგლებშიც, რომელიც გარემოსდაცვითი რისკების შემცირებას გულისხმობს მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის დანერგვის საშუალებით.

ონლაინ კონფერენციას უკრაინის, პორტუგალიის, ფინეთის, ბელარუსის, საქართველოსა და უზბეკეთის მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო