გიორგი ხოჯევანიშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ბექა ლილუაშვილმა და შალვა კერესელიძემ შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, საპარლამენტო უმრავლესობიდან გასულმა 4-მა დეპუტატმა - გიორგი ხოჯევანიშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ბექა ლილუაშვილმა და შალვა კერესელიძემ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა.

როგორც ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მხარეებმა აუცილებლად უნდა გამოიჩინონ პასუხისმგებლობა ამ შეთანხმებაში მოცემული პუნქტების ზედმიწევნით, სრულფასოვნად და სწორად შესრულებისთვის.

„დღეს უკვე ფაქტია, რომ პოლიტიკოსების - ორივე მხარის წარმომადგენლების უპასუხისმგებლო ქმედებებმა ქვეყანა შეიყვანა პოლიტიკურ ჩიხში, საიდანაც იდეალურად, უვნებლად გამოსვლა ქვეყნისთვის უბრალოდ შეუძლებელია. კონკრეტული ქმედებების საფუძველზე, რომელიც მიმართული იყო იმისკენ, რომ არათანმიმდევრულად შესრულდა სამართლებრივი ღონისძიებები ხელისუფლების მხრიდან, რომელმაც მოგვცა მოცემულობა, რომ დღეს უკვე ადამიანი, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმის ხელმძღვანლობაში ბრალდებულია და ეს „ქეისი“ გახდა პოლიტიკური შეთანხმების საგანი - ეს ძალიან სახიფათო პრეცედენტია ამ ქვეყანაში ძალადობის პოლიტიკურ ინსტიტუტად გამოყენების. პოლიტიკოსების მხრიდან ამ უპასუხისმგებლობამ აიძულა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომ ჩართულიყვნენ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში, - ესეც ფაქტია. დღეს, როდესაც რადიკალიზაცია და დაძაბულობა არავის სჭირდება, დღეს, როდესაც ადამიანები ყოველდღიური გამოწვევებით არიან დაკავებულები - ეს არის ძალიან მძიმე მოცემულობა, რომელშიც რადიკალიზმის ადგილი უბრალოდ არ არის, შესაბამისად, შეთანხმება არის ამ რადიკალიზაციისა და დაძაბულობის შემცირება და ჩვენ ეს შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, გამოვიყენეთ და მოვაწერეთ ხელი", - განაცხადა ლილუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისი პარლამენტის ყველა არჩეული წევრისთვის ღიაა, რომელსაც შეთანხმების დოკუმენტზე ხელი ჯერ კიდევ არ მოუწერია.

შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელისუფლებასა და ოპოზიური პარტიების ნაწილს შორის შეთანხმება შედგა. დოკუმენტს ხელი ორბელიანების სასახლეში მოეწერა.

კერძოდ, შეთანხმების ტექსტს ოპოზიციური სპექტრიდან ხელი მოაწერეს: „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, "ლელოს“ ლიდერებმა - ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძე, "რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ, „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი და „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა. ასევე დოკუმენტზე ინდივიდუალური ხელმოწერა დააფიქსირეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა, პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა დავით ბაქრაძემ და „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძემ და პარლამენტის არჩეულმა წევრმა არმაზ ახვლედიანმა.

დოკუმენტს ამ ეტაპზე არ შეერთებია „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, შესაბამისად, შეთანხმების ტექსტს არ აქვს მათი ხელმოწერა.

შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ თანხმობა დააფიქსირა „ქართულმა ოცნებამაც“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა