ჯანდაცვის მინისტრი - ჯგუფების გაფართოება ამ ეტაპისთვის არ იგეგმება, ვინაიდან ის ცვლილებები რაც ვაქცინაციის საბჭომ უკვე მიიღო, არის ისედაც დაჩქარებული

ჯგუფების გაფართოება ამ ეტაპისთვის არ იგეგმება, ვინაიდან ის ცვლილებები რაც ვაქცინაციის საბჭომ უკვე მიიღო, არის ისედაც დაჩქარებული,- ამის შესახებ განცხადება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა.

მისი ინფორმაციით, ამ შემთხვევაში ვაქცინაცია ემყარება სარგებლისა და ზიანის შეფარდებას და აქედან გამომდინარე, ჩაითვალა, რომ იმ ჯგუფებში, რომლებშიც ამ ეტაპისთვის აცრა მიმდინარეობს, კორონავირუსით ინფიცირება მეტად საზიანოა, შესაბამისად, ვაქცინაცია სწორედ ამ ჯგუფებში შენარჩუნდება.

„ჩვენ მივეცით უკვე ფართომასშტაბიანად ჩვენს მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში ჩართულობის საშუალება. ეს ყველაფერი ემყარება იმას, რომ მიმდინარეობს სარგებლის და ზიანის შეფარდება და სწორედ ის ჯგუფები, რომლებიც დღესდღეობით უკვე მონაწილეობს ვაქცინაციის პროცესში, მათ მიმართ არსებული რისკები კოვიდინფიცირების შემთხვევაში წარმოადგენს გაცილებით უფრო მაღალ რისკს და ასევე, მაღალ ზიანს მათი ჯანმრთელობისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთვლით, რომ პირველ რიგში, პრიორიტეტი უნდა შევინარჩუნოთ ამ ჯგუფებზე,“- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებისკენ მიმართულ კამპანიას, ტიკარაძის განმარტებით, შემუშავებული კალენდრის მიხედვით, ივნისი-ივლისის თვისთვის დღიური მიმართვიანობა 3000-ს უნდა შეადგენდეს.

„პირველ რიგში, ვიტყოდი იმას, რომ დღიური მიმართვიანობა, იმ ვაქცინაციის კალენდრით, რომელიც შემუშავებულია ჩვენი საერთაშორისო ექსპერტების მხრიდან, და ასევე, დამტკიცებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან, ჩვენ ივნისი-ივლისისთვის ვგულისხმობთ, რომ უნდა იყოს 3000 ადამიანამდე. დღესდღეობით, მომართვიანობა არის საკმაოდ გაზრდილი და ჩვენ 1700 ადამიანამდე ვცრით ყოველდღიურად, რაც არ არის ცუდი მაჩვენებლი, თუმცა, რა თქმა უნდა, საჭიროა დამატებითი მუშაობა და მეტი ჩართულობა. მეტ ჩართულობაში ჩვენ ვგულისხმობთ, რომ უნდა ჩაერთონ თვითონ უწყებები, რათა ადგილზეც მოხდეს ინფორმაციის გავრცელება ვაქცინაციის სანდოობასთან მიმართებით. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, რომლებიც ჩვენ გვეხმარებიან საინფორმაციო და კრიზისული კომუნიკაციის მიმართულებით, ჩვენ გვაქვს მითითებები, რომ სწორედ ასეთი მოზომილი კამპანია არის ის სასურველი კამპანია ამ ეტაპისთვის, რათა მოხდეს მოსახლეობის თანმიმდევრული და მშვიდი ინფორმირება ვაქცინაციასთან მიმართებით და ჩვენ მივყვებით მათ მითითებებს,“- განაცხადა ტიკარაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს