მაკა ბოჭორიშვილი - აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატმა თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს უნდა გაუხსნას გზა

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური სესია ოფიციალურად გაიხსნა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, სესიას ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანა-თავმჯდომარეები მაკა ბოჭორიშვილი და ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ხელმძღვანელობდნენ.

მათი ინფორმაციით, ასამბლეის დელეგატებს სიტყვით მიმართეს ევროპარლამენტის პრეზიდენტმა დევიდ სასოლიმ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებმა, ასევე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

როგორც პარლამენტის პრესსამსახურში აღნიშნავენ, სესიის გახსნით ნაწილში სიტყვით გამოვიდა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი.

„ბოლო ერთი წლის განმავლობაში, პანდემიამ მრავალი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა. გვიწევს დაგეგმილი ღონისძიებების ვირტუალურად გამართვა. დღესაც, ბრიუსელში შეკრების მაგივრად, ონლაინ ფორმატში ვხვდებით და განვიხილავთ აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვლმა სესიის გახსნისას.

მისი თქმით, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პირველი სხდომიდან ათი წელი გავიდა. მომხსენებელმა ისაუბრა ამ პერიოდში მიღწეულ წარმატებებზე და გამოწვევებზე.

„ამ წლების განმავლობაში ბევრს მივაღწიეთ, თუმცა ასევე, ბევრი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით. საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებები გააფორმეს, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით. ჩვენ ასევე, მივაღწიეთ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმს, რამაც ურთიერთობები ახალ ეტაპზე აიყვანა. სამმა ასოცირებულმა ქვეყანამ პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის ამბიციური გეგმები დაისახა და ასოცირების შესახებ შეთანხმებები ამის შესანიშნავი ინსტრუმენტია. მეტიც, საქართველომ უკვე განაცხადა მისი ამბიციური გეგმის შესახებ 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის ოფიციალური განაცხადის გაკეთების თაობაზე“, - განაცხადა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანა-თავმჯდომარემ.

მისი თქმით, შემოდგომაზე დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი განსაზღვრავს ამ ფორმატის მომავალს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი როგორც ევროკავშირისთვის, ასევე პარტნიორი ქვეყნებისთვის.

„ათწლეულის შემდეგ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატს ყოვლისმომცველი მიდგომა ესაჭიროება, რომელიც აქამდე მიღწეული შედეგების გათვალისწინებით სამომავლო გეგმებს განავითარებს. რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, დარწმუნებული ვარ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის ახალი მიზნები არსებულ რეალობაზე კარგად მორგებული და რელევანტური უნდა იყოს. დღეს უპრეცენდენტო კრიზისს ვებრძვით. კორონავირუსის პანდემიამ დაამტკიცა, რომ ერთადერთი გზა სოლიდარობა და თანამშრომლობაა. აუცილებელია ერთად დავდგეთ ამ გამოწვევის წინააღმდეგ და მის შედეგებს ვებრძოლოთ“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, უსაფრთხოება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება როგორც ევროკავშირში, ასევე მის პარტნიორ ქვეყნებში.

„რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას და საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულებელყოფას. მოწმენი ვართ ინტენსიური მილიტარიზაციასა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის. ზრდადი პროვოკაცია და ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენება რეგიონში საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებასა და ჰუმანიტარულ მდგომარეობას“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, ამ გამოწვევებზე საპასუხოდ, მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ პარტნიორობის მოქნილობა და დიფერენცირებული მიდგომის გამოყენება, რათა იგი ეფექტური და წარმატებული იყოს.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატმა თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს უნდა გაუხსნას გზა და თითოეული პარტნიორის ამბიციების საპასუხოდ პოლიტიკური დიალოგის, ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის ახალ ეტაპზე გადავიდეს. ამ მხრივ, ვიმედოვნებთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის განახლებული პოლიტიკა შორსმჭვრეტელი, გრძელვადიანი და ინკლუზიური და დიფერენცირების პრინციპზე დაფუძნებული იქნება“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა