პრეზიდენტი - სიტყვების დრო დასრულდა და დაიწყო საქმის დრო, ქვეყანა გველოდება, მე მგონი, გველოდება ევროპაც და შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო მზად არის

შემიძლია ვთქვა, რომ სიტყვების დრო დასრულდა და დაიწყო საქმის დრო, ქვეყანა გველოდება, მე მგონი, გველოდება ევროპაც და ჩემი მხრიდან, შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო მზად არის,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, დღეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის ახალი ეტაპი დაიწყო და ასევე, აქტიურად დაიწყო საუბარი იმაზე, რაში შეიძლება გამოიხატოს კიდევ უფრო მეტი სიახლოვე ევროკავშირთან.

„ამ პოლიტიკურ შეთანხმებაში დევს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტები - საფუძველი ედება ორი ინსტიტუტის გაძლიერებას და მათ ევროპულ დონეზე აყვანას, ერთი არის სასამართლო სისტემა, მეორე საარჩევნო სისტემა. ორივე ნებისმიერი ქვეყნის დემოკრატიულობის ქვაკუთხედია. ის, რაც მოხდება მომავალ კვირებში, თვეებში, რაც შეიძლება სწრაფად, ნიშნავს, რომ ჩვენ ამ რეფორმების მიღებით, რომელიც ჩასმულია ამ შეთანხმების დოკუმენტში, მივიღებთ ბევრად უფრო მაღალი დონის სასამართლო და საარჩევნო სისტემას, რომელიც ასევე იქნება პრაქტიკაში გადატანილი ოქტომბერში, ადგილობრივი არჩევნების დროს.

მაგრამ არანაკლებია ამ შეთანხმების შედეგი ჩვენი საგარეო პოლიტიკის კუთხით, ეს შეთანხმება ასახავს უკვე ძალიან მჭიდრო კავშირს, რომელიც არსებობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის.

მსოფლიოში ბევრი კრიზისია ალბათ უფრო დიდი მასშტაბით, რაც საქართველოში იყო, მაგრამ ევროკავშირის თავმჯდომარის მთელი თავისი ძალების ჩართულობა უპრეცედენტოა. ესაა მანიშნებელი, რა სიახლოვე არსებობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ზოგი არასასიამოვნო და ცოტა საწყენი გამოთქმები, რაც ადრე ისმოდა ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან საქართველოსთან მიმართებით, იმ სიახლოვის და მეგობრობის აღმნიშვნელია, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს. უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ დღეს იწყება ახალი ეტაპი ჩვენი ურთიერთობების. საჭირო იყო, ამისთვის გზა გახსნილიყო, ეს გზა გაიხსნა და ჩვენ ახლა ძალიან კონკრეტულად და აქტიურად დავიწყეთ საუბარი, რას ნიშნავს ახალი ეტაპი და რაში შეიძლება გამოიხატოს ეს ახალი სიახლოვე საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ეს ნიშნავს ბევრად უფრო აქტიურ თანამშრომლობას ეკონომიკაში, ინვესტიციებში, რამეთუ ესაა ყველაზე დიდი გამოწვევა დღევანდელ საქართველოში. ინფრასტრუქტურები, მასშტაბური პროექტები, რომელმაც უნდა დააკავშიროს საქართველო, შავი ზღვა და ევროკავშირი - ესაა ჩვენი ერთობლივი მომავალი.

ასე რომ, მე ვარ დაწრმუნებული, ჩვენ ამ კონკრეტულ ამოცანას ძალიან მალე შევუდგებით და ავსახავთ ნამდვილ სამოქმედო გეგმას ამ მიმართულებით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ასოცირებამ მიიღოს სრულყოფილი სახე უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად.

მე შევთავაზე ბატონ პრეზიდენტს, რომ ივლისში, ბათუმის უკვე ცნობილი კონფერენცია ევროკავშირთან, გადაიქცეს ასოცირების სამიტად და დავპატიჟოთ ჩვენი უკრაინელი და მოლდოვის პრეზიდენტები ევროკავშრთან ერთად და ვიმსჯელოთ, თუ რა ფორმა შეიძლება მიიღოს ამ ასოცირებამ, რომელიც გვაკავშირებს ამ სამ ქვეყანასა და ევროკავშირს.

ასევე ვისაუბერეთ აღმოსავლეთ პარტნიორების მომავალ სამიტზე. ეს ორი ერთმანეთს ავსებს და ორივე არის ის ძალიან მჭიდრო კავშირები, რაც ევროკავშირთან გვაქვს და რომელიც უნდა ავამოქმედოთ სრულყოფილად ისე, რომ ამ რეგიონში მეტი სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება შემოვიტანოთ. ამაში დევს როგორც ჩვენი, ასევე ევროკავშირის ინტერესები არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მთელი რეგიონის მიმართ. ასევე მნიშვნელოვანია განვავითაროთ ის პროგრამები, რომლებიც ადამიანებს აკავშირებს და აახლოვებს ერთმანეთთან. ანუ კულტურა და განათლება - ესაა ის ორი მიმართულება, სადაც საქართველო უნდა წავიდეს ისე შორს, როგორც შეიძლება და კიდევ უფრო შორს. მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა იგრძნონ, რომ ეკუთვნიან ნამდვილად ერთ ოჯახს“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს