მაკა ბოჭორიშვილი - აღმოსავლეთ პარტნიორობამ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ასოცირების შესახებ შეთანხმება მოუტანა და ევროკავშირთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობა მისცა

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური სესიის დასრულების შემდეგ, ასამბლეის თანათავმჯდომარეებმა მაკა ბოჭორიშვილმა და ანდრიუს კუბილიუსმა ერთობლივი ონლაინ-პრესკონფერენცია გამართეს.

"აღმოსავლეთ პარტნიორობამ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ასოცირების შესახებ შეთანხმება მოუტანა და ევროკავშირთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობა მისცა“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მან რეგიონში უსაფრთხოების და ჰიბრიდული საფრთხეების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამის მაგალითი რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ოკუპაცია და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მუდმივი დარღვევაა.

„ეს საკითხები მეტ ყურადღებას და ძალისხმევას მოითხოვს. სწორედ ახლა არის დრო, როცა მომავალზე უნდა ვიფიქროთ და განვსაზღვროთ, თუ საით უნდა წავიდეთ. საქართველომ უკვე განაცხადა 2024 წლის გეგმების შესახებ. მოლდოვა და უკრაინაც ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მიისწრაფვიან. ვფიქრობთ, სწორედ ახლა არის ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოებისთვის სწორი მომენტი. აღმოსავლეთ პარტნიორობამ მომავალი სტრატეგიული ხედვა უნდა შეიმუშავოს და ამბიციურ პარტნიორებს მეტის გაკეთების შესაძლებლობა მისცეს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

როგორც ასამბლეის თანათავმჯდომარემ აღნიშნა, არსებული გამოწვევების გარდა, სესიის ფარგლებში დელეგატებმა ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე და იმ სურვილებზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს ფორმატი.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატი მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, არამედ ევროკავშირისთვის. ყოველთვის ხაზს ვუსვამ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა ევროკავშირის ერთ-ერთი უმთავრესი გეოპოლიტიკური მიმართულებაა. საბოლოო ჯამში, ამ ფორმატმა მთელს ევროპის კონტინენტს სტაბილურობა და კეთილდღეობა უნდა მოუტანოს. საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირთან უფრო ღრმა ინტეგრაცია სურთ. იმედი მაქვს, რომ დანარჩენი ქვეყნებიც შეუერთდებიან. მოხარული ვარ, რომ ბელარუსის მხრიდან მოდის დადებითი სიგნალები და მათ სურთ ამ ფორმატში ჩართვა. გრძელდება რეზოლუციებზე ხმის მიცემის პროცესი. გვინდოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში არსებული ყველა გამოწვევა ჩვენს მიერ შემუშავებულ ტექსტებში აგვესახა“, - განაცხადა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ ანდრიუს კუბილიუსმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო 2024 წელს ევროკავშირში წევრობის განაცხადის გაკეთებას გეგმავს, ამიტომ მისი თქმით, რეზოლუციაში აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავლის ნაწილში შთაგონება გარკვეულწილად საქართველოს ამ გადაწყვეტილებიდან იქნა მიღებული.

„გვსურს ევროკავშირი უფრო ღია იყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ამბიციების მიმართ. ერთ-ერთი კვლევითი ცენტრის კვლევა გვიჩვენებს, რომ განვითარების, ინტეგრაციის და მიღწევების კუთხით არ არსებობს განსხვავება აღმოსავლეთ პარტნიორობისა და დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის ქვეყნებს შორის. საქართველო ბევრ შემთხვევაში ლიდერობს კიდეც. სწორედ ამიტომ, ჩნდება კითხვა, თუ რატომ ყოფს ევროკავშირი ამ ქვეყნების ჯგუფს ორად და მხოლოდ ერთს სთავაზობს გაწევრიანების პერსპექტივას. აქედან გამომდინარე, ვიწყებთ დიალოგს ბრიუსელში, სხვადასხვა ინსტიტუტებში და ევროპარლამენტში, თუ როგორ გავხადოთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატი უფრო ამბიციური და კონკრეტული ინტეგრაციის პერსპექტივების კუთხით“, - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

მან ასევე, აღნიშნა, რომ სესიაზე მნიშვნელოვანი დიალოგი გაიმართა ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით. ასევე, განხილული იყო სამოქალაქო საზოგადოების მიერ წარდგენილი ანგარიშები. ასამბლეის თანათავმჯდომარემ, საქართველოს, პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა მიულოცა.

„მსურს დავასრულო გულწრფელი მილოცვით საქართველოს პოლიტიკური საზოგადოების მიმართ. როგორც ჩანს, პოლიტიკური კრიზისი სრულდება. მსურს შევაქო მმართველი პარტია, ისევე როგორც ოპოზიცია. რა თქმა უნდა, მსურს შევაქო შარლ მიშელი მისი ძლიერი მმართველობის სტილისთვის, რაც ევროპაში არც ისე ხშირია. ჩემი გამოცდილებით, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიები ყოველთვის დაკავშირებულია საქართველოსთან. მოვუწოდებ ჩემს ქართველ კოლეგებს, ნუ გააგრძელებენ ამ ტენდენციას, იმედი მაქვს შემდეგი სესიაც საქართველოში მიმდინარე კრიზისს არ დაეთმობა“, - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

საქართველოში მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა ასამბლეის თანათავმჯდომარეებს, მათთვის საინტერესო შეკითხვებით, ონლაინ პლატფორმის საშუალებით საქართველოს პარლამენტიდან მიმართეს. შეკითხვები ძირითადად, მომდევნო წლებში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პრიორიტეტებს, აღმოსავლეთ პარტნიორობის დაგეგმილ სამიტს და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას ეხებოდა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.05.2021
ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს
TKT.GE-ს ახალი სტრატეგიული მიმართულება - ავიაბილეთები დაემატა
"ვოლტი" უკვე წყნეთშია!