აფგან მუხთარლის დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა და საქმის კვალიფიკაცია დაზუსტდა

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან მუხთარლის დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. როგორც ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი აცხადებს, მისი შუამდგომლობა პროკურატურამ დააკმაყოფილა და ამასთან, საქმის კვალიფიკაცია დაზუსტდა.

„აფგან მუხთარლის და „უფლებები საქართველოს“ მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა. გამოძიების დაწყებიდან თითქმის, ოთხი წლის შემდეგ, „უფლებები საქართველოს“ იურისტის, არჩილ ჩოფიკაშვილის მიერ პროკურატურისთვის წარდგენილი შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან მუხთარლის, რომელიც დაუდგენელმა პირებმა 2017 წლის მაისში თბილისიდან გაიტაცეს და აზერბაიჯანის ხელისუფლებას გადასცეს, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. გარდა ამისა, დაზუსტდა საქმის კვალიფიკაცია. გამოძიება, რომელიც აქამდე სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მიმდინარეობდა, 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნტქით გაგრძელდება, რაც გულისხმობს ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით თავისუფლების აღკვეთას.

აფგან მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები განახლდა მას შემდეგ, რაც 2021 წლის 7 აპრილს აფგან მუხთარლი გერმანიიდან თბილისში ჩამოვიდა და კიდევ ერთელ დაადასტურა მანამდე არაერთგზის გამოთქმული სურვილი, სრულად ეთანამშრომლა გამოძიებასთან და საქართველოს პროკურატურისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია მისი გატაცებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის საქმეზე.

აფგან მუხთარლი, მისი დამცველის, არჩილ ჩოფიკაშვილის თანხლებით, პროკურატურაში 9 აპრილს გამოიკითხა.

მუხთარლიმ გამოკითხვისას განმარტა, რომ გატაცებამდე, მისი და სხვა აზერბაიჯანელი დევნილების მიმართ, საქართველოში ხორციელდებოდა მუდმივი თვალთვალი და მიყურადება. მან გამოძიებას წარუდგინა იმ ორი პირის ფოტოსურათები, ვინც მას საქართველოში უთვალთვალებდა და, დიდი ალბათობით, სწორედ, ამ ადამიანების მეშვეობით მომზადდა და დაიგეგმა მუხთარლის თბილისიდან გატაცება. გარდა ამისა, მუხთარლიმ დაასახელა ის აზერბაიჯანელი მაღალჩინოსნებიც, ვინც მისი ინფორმაციით, მონაწილეობდნენ მისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში.

საგამოძიებო ექსპერიმენტი 15 აპრილს ჩატარდა, მოხდა ჩვენების ადგილზე შემოწმება, რომლის დროსაც აფგან მუხთარლიმ თავად აჩვენა გამომძიებლებს თბილისიდან მისი გატაცების ადგილი და ლაგოდეხის მიმართულებით გადაადგილების მარშრუტი. გურჯაანის რაიონში დაზარალებულმა გამომძებლებს უჩვენა ადგილი, სადაც ის, უკვე თვალებახვეული, გადასვეს სხვა მანქანაში, რომლითაც გადაიყვანეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე და გადასცეს აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებს ნეიტრალურ ზონაში, ლაგოდეხში მდებარე გამშვებ პუნქტზე”, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„უფლებები საქართველოს“ იურისტი, არჩილ ჩოფიკაშვილი მიიჩნევს, რომ მუხთარლის საქმეზე გამოძიების კვალიფიკაცია კვლავაც დასაზუსტებელია და უნდა მოიცვას სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილები, ასევე 154-ე მუხლის მეორე ნაწილი.

„ნათელია, რომ აფგან მუხთარლის მიმართ ადგილი ჰქონდა თავისუფლების უკანონო აღკვეთას დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, რამაც გამოიწვია სხვა მძიმე შედეგი. გარდა ამისა, ადგილი ჰქონდა ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანიბაში უკანონოდ ხელის შეშლას, ძალადობით და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით“, - აცხადებს არჩილ ჩიფიკაშვილი.

იხილეთ ვიდეო:აფგან მუხთარლის დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა და საქმის კვალიფიკაცია დაზუსტდა

ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2021
რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ბაქოში ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანეს