გიორგი ვაშაძე - გამარჯვებას, რომელიც მოვიპოვეთ, ჩავაბეტონებთ კონკრეტული კანონით და მას უკან ვერ წაიღებს ვერც „ქართული ოცნება“ და ვერც ერთი ის ადამიანი, ვინც ხელს აწერს დოკუმენტს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, პრეზიდენტის სასახლეში შარლ მიშელთან შეხვედრაზე შეთანხმების დოკუმენტის იმპლემენტაციის ყველა დეტალი დაზუსტდა.

როგორც ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა, შეთანხმებას, რომელიც „დასავლელი პარტნიორების იძულებით საქართველომ შეძლო“, ყველა ერთად უნდა გაუფრთხილდეს და მთავარი აქცენტი მის განხორციელებაზე გაკეთდეს.

ამასთან, ვაშაძე განმარტავს პროცედურებს, რითაც შეთანხმების მიხედვით, ნიკა მელიას გათავისუფლება და გიორგი რურუას შეწყალება მოხდება. მისივე თქმით, ამნისტიის კანონი მხოლოდ იმ საქმეებს შეეხება, რაზეც გამოძიება ამ ეტაპზე მიმდინარეობს.

„შარლ მიშელის გუშინდელი დაუგეგმავი ჩამოსვლა კარგად აჩვენებს, რომ ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ძალიან ფართოდაა გაღებული და ვფიქრობ, ძალიან ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ, რომ ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ. გუშინ ბოლო შეხვედრაზე, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, დაზუსტდა ყველა დეტალი იმპლემენტაციის, რაზეც საზოგადოებაში იყო კითხვები. ვფიქრობ, ეს იყო ზემნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ყველა კითხვაზე გაგვეცა პასუხი.

ახლა ჩვენ, საპარლამენტო ჯგუფი ოპოზიციის მხრიდან, ვამუშავებთ ამნისტიის კანონის პროექტს, რომელიც ვრცელდება მხოლოდ იმ საქმეებზე, რომელიც ამჟამადაა გამოძიებაში და სპეკულაციები იმაზე, რომ ვიღაცაზე მომავალშიც გავრცელდება, ერთხელ და სამუდამოდ დახურულია. ეს კანონი გავრცელდება მხოლოდ იმ მუხლებზე, რომლითაც ახლა არიან ადამიანები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულნი.

სამშაბათს ეს კანონპროექტი უნდა დარეგისტრირდეს პარლამენტში და იმედი მაქვს, „ქართული ოცნება“ დაადასტურებს, რომ ის ამ ინიციატივას ხელს მოაწერს. როგორც კი მოხდება ამ პროცესის რეალიზება, სამშაბათს, ქალბატონმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის მყისიერად გამოიყენებს შეწყალების პროცედურას და გიორგი რურუა საპატიმროს დატოვებს სამშაბათს. ამის შემდგომ პარლამენტის რეგლამენტით შესაძლებელ, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში პარლამენტი მიიღებს ამნისტიის შესახებ კანონს, რის შემდეგაც მელია დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას. ვწუხვარ, რომ მხოლოდ ეს გზაა მისი გათავისუფლებისთვის, სხვა გზა, დღეის მდგომარეობით, აღარ არსებობს. აქვე მინდა გულწრფელად, სრული თანადგომა გამოვუცხადო მაკო გომურს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც 20 ივნისს დაზარალდა. მინდა ყველას გულწრფელად გითხრათ, რომ ბოლომდე თქვენ გვერდით ვიქნებით და ამ საქმესთან დაკავშირებით მომავალშიც ბევრ საკითხს ბოლომდე მივიყვანთ, შევეცდებით სრულად იყოს გათვალისწინებული თქვენი ინტერესები. მზად ვართ, ამაზე ვიმსჯელოთ. შეთანხმებას, რომელიც ჩვენი დასავლელი პარტნიორების იძულებით საქართველომ შეძლო, ყველა ერთად უნდა გავუფრთხილდეთ და მთავარი აქცენტი უნდა გადავიტანოთ ამ შეთანხმების სწრაფ იმპლემენტაციაზე, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ არა მხოლოდ პოლიტიკურ მართლმსაჯულებას დაესვას წერტილი, არამედ მომავალში ჩატარდეს ისეთი არჩევნები, სადაც თითოეული თქვენგანის ხმა იქნება დაცული და თქვენს ხელში იქნება ძალაუფლება. თქვენ გადაწყვეტთ, ვის ანდობთ ქვეყნის ბედს მართვაში. მე ამისთვის სრულად მზად ვარ და პასუხს ვის წინაშეც ვაგებ, ეს არის ქართველი ხალხი. გულწრფელად გეუბნებით ყველა თქვენგანს, რომ ყველა ნაბიჯი, რომელიც ჩემი და ჩემი თანაგუნდელების მიერაა გადადგმული, არის ქართველი ხალხის და საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გარდა ამისა, ვაშაძის აზრით, ამნისტიის კანონის მიღების შემდეგ პარლამენტში დანარჩენი პარტიებიც შევლენ.

„მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, მოდით ამ საერთო გამარჯვებაში გავერთიანდეთ და ჩავითვალოთ ეს გამარჯვება, როგორც საქართველოს სახელმწიფოებრიობის, ევროპული კურსის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის და რაც მთავარია, ქართველი ხალხის გამარჯვებად. ვფიქრობ, ამის სრული რესურსი გვაქვს. ძალიან მყარი ვარ ჩემს პოზიციებში და ამ გამარჯვებას, რომელიც მოვიპოვეთ, ჩავაბეტონებთ კონკრეტული ცვლილებებით, კანონით. ამას უკან ვერ წაიღებს ვერც „ქართული ოცნება“ და ვერც ერთი ის ადამიანი, ვინც ხელს აწერს დოკუმენტს.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, როგორც კი ამნისტიის კანონი იქნება მიღებული და ნიკა მელია თავისუფალი იქნება, ისინიც შემოვლენ პარლამენტში და გააგრძელებენ საპარლამენტო საქმიანობას. ამით ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია“,- განაცხადა ვაშაძემ.

იხილეთ ვიდეო: გიორგი ვაშაძე - გამარჯვებას, რომელიც მოვიპოვეთ, ჩავაბეტონებთ კონკრეტული კანონით

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა