ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000-ლარიანი გრანტი სტარტაპ “OxGen”-მა მიიღო

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000-ლარიანი გრანტი სტარტაპ “OxGen”-მა მიიღო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოდან აცნობეს, კომპანია სინთეზური ბიოლოგიის გამოყენებით (Synthetic Biology) ინოვაციურ სადიაგნოსტიკო ტესტებს ქმნის სხვადასხვა ვირუსების, ბაქტერიებისა და სოკოვანი დაავადებების აღმოსაჩენად.

„სინთეზური ბიოლოგიის გამოყენება ახალი სიტყვაა დიაგნოსტიკაში, რაც საშუალებას გვაძლევს, შევქმნათ ახალი თაობის სწრაფი და ეფექტიანი ტესტ სისტემები. კომპანიის მიზანია, სპეციალიზირებული პროდუქციის ხაზით დაიკავოს ნიშა მსოფლიო ბაზარზე.

შპს “OxGen” დაფუძნდა ვლადიმერ ბარამიძის მიერ 2014 წელს, GRDF-CDC პროგრამის დაფინანსებით. კომპანია მოიცავს პარტნიორებს იაპონიასა და გერმანიაში. GITA - ს გრანტით, დაგეგმილია ნატახტარში ბიოტექნოლოგიური წარმოების შექმნა, რომელიც აღჭურვილი იქნება ყველა საჭირო დანადგარითა და სტანდარტით. კომპანიის კოლაბორატორები არიან საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორია. 2023 წელს კომპანია გეგმავს მისი წარმოების ძირითადი ნაწილის ექსპორტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2019 წლის 22 მაისს დაიწყო. პროგრამის მიზანია, მოახდინოს ინოვაციების, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში. პროგრამის მეშვეობით ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება გლობალური პოტენციალის მქონე პროდუქტი - ტექნოლოგიური ან ბიზნეს-პროცესული ინოვაცია, რომელიც ნათლად ასოცირებული იქნება საქართველოსთან“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს