ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის მესამე ტალღის პიკი აპრილის ბოლოს, მაისის პირველ ორ კვირაში იქნება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღის პიკი აპრილის ბოლოს, მაისის პირველ ორ კვირაში იქნება.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ვირუსისგან გამოჯანმრთელების მაჩვენებელმაც მოიკლო და 94%-ზე ჩამოვიდა.

„ეპიდსიტუაცია ქვეყანაში გაუარესებულია და ალბათ, მოსალოდნელია კიდევ უფრო ზრდა. ჰელსმეტრიკის მონაცემებით ჩვენ პიკში უნდა შევიდეთ აპრილის ბოლოს - მაისის პირველ ორ კვირაში. გაინტენსივებულია ტესტირება. გუშინ გვქონდა 30241 ტესტი და 1310 ახალი შემთხვევა არის აქედან. გამოჯანმრთელების პროცენტი ოდნავ ქვემოთ მოდის, 94%-ია. იცით, რომ ასული ვიყავით 97%-ზე. სიკვდილიანობის პროცენტი ისევ 1,3-ის ფარგლებშია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძე აღნიშნავს, რომ გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის პერიოდის მსგავსი ეს პიკი არ იქნება.

„ვფიქრობ, ისეთი დრამატული, როგორც ნოემბერ-დეკემბერი გვქონდა, არ უნდა იყოს ეს პიკი ბევრი ფაქტორის გამო. ერთი - მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს უკვე გადატანილი აქვს ინფექცია და ასეთი არის დაახლოებით, 600 ათასიდან 650 ათას ადამიანამდე ქვეყანაში. ოფიციალურად ჩვენ დღეს დადასტურებული გვყავს 299 ათასამდე ადამიანი, თუმცა, ვანგარიშობთ ორჯერ მეტს, რომ მათ უსიმპტომოდ ან ძალიან მცირეოდენი სიმპტომებით აქვთ გადატანილი დაავადება. თუმცა, ეს არ არის საკმარისი საზოგადოებრივი იმუნიტეტისთვის. ამავე დროს, მოქალაქეთა მცირე რაოდენობაც აიცრა. მესამე ფაქტორი კი არის ის, რომ მაშინ ჩვენ ვიყავით აღმავალ ტალღაზე, ცივ პერიოდში, რესპირაციული ვირუსებისთვის კომფორტულ პერიოდში, ახლა კი ჩვენ შევდივართ თბილ პერიოდში. დამტკიცებულია, რომ მზის სხივის პირდაპირი მოქმედება კორონავირუსზე მოქმედებს დამთრგუნველად და ველოდებით, რომ ეს შეიძლება იყოს უფრო რბილი და არა ისეთი დამანგრეველი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო:როდისთვის უნდა ველოდოთ კორონავირუსის მესამე ტალღის პიკს?

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს