„მრავალეროვანი საქართველო“ - პარტიებს შორის მიღწეულ პოლიტიკურ შეთანხმებას პოზიტიურად ვაფასებთ

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო” პოზიტიურად აფასებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული ახალი წინადადების თაობაზე პოლიტიკური შეთანხმების მიღწევას. ამის შესახებ ინფორმაციას „მრავალეროვანი საქართველო” ავრცელებს.

მოძრაობას მიიჩნევს, რომ შეთანხმებაზე ხელმოწერა მნიშვნელოვანი და წინგადადგული ნაბიჯია, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პოლარიზების შემცირების, ასევე საქართველოს პარლამენტში პოლიტიკური პლურალიზმის უზრუნველსაყოფად.

„პოლიტიკური კრიზისის დაძლევის, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების მიზნით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, მედიაციის პროცესში ჩართულ პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა ახალი, კომპრომისული წინადადება, რომელიც მოიცავს როგორც საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმის, ისე საკანონმდებლო ორგანოში ძალაუფლების განაწილების, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობისა და პოლიტიკურ მართლმსაჯულებად მიჩნეული საკითხების გადაწყვეტას.

შესაბამისად, დოკუმენტი ითვალისწინებს ხელმომწერ პირთა საქართველოს პარლამენტში შესვლას და საპარლამენტო უფლებამოსილების განხორციელებას.

იმედს გამოვთქვამთ, რომ დოკუმენტის ხელმომწერი მხარეები, უპირველეს ყოვლისა მმართველი პოლიტიკური პარტია, კეთილსინდისიერად და შეთანხმებით დათქმულ ვადებში განახორციელებს დოკუმენტით გაწერილ საკითხებს და მიიღებს ყველა ზომას იმისათვის, რომ ერთი მხრივ, დასრულდეს პოლიტიკური კრიზისი, ხოლო მეორე მხრივ, გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები ქვეყნის წინაშე არსებული საგარეო საფრთხეების შემცირების, მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

გულწრფელ მადლობას ვუხდით ჩვენი ქვეყნის მეგობრებს, საერთაშორისო პარტნიორებს, მედიაციის პროცესში, არსებული პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, მათ მიერ გაწეული განსაკუთრებული ძალისხმევისა და ჩართულობისათვის.

მოვუწოდებთ პარლამენტის ცალკეულ დეპუტატებსა და დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს, ხელი მოაწერონ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ ახალ კომპრომისულ წინადადებას.

მნიშვნელოვანია, რომ მხარეები კონსტრუქციულად მიუდგნენ აღნიშნულ პროცესს და წინ დააყენონ ქვეყნის ინტერესები.

„მრავალეროვანი საქართველო“ მონაწილეობს რა საქართველოს პარლამენტის საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში, მზადყოფნას გამოთქვამს, ჩაერთოს პოლიტიკური შეთანხმებით გათვალისწინებულ, საარჩევნო რეფორმის განხილვის პროცესში. ორგანიზაცია განახორციელებს, როგორც პოლიტიკური შეთანხმებით გათვალისწინებული საარჩევნო რეფორმის საკითხების მოქმედ კანონმდებლობაში სრულფასოვნად ასახვის, ასევე მათ პრაქტიკაში იმპლემენტაციის მონიტორინგს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს