დავით უსუფაშვილი - სხდომებში მონაწილეობა დაკავშირებულია პოლიტპატიმრების საკითხთან - თუ ეს იქნება უკიდურესად აუცილებელი ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მზად ვარ პარლამენტში და ბევრ სხვა შენობაში მივიდე

ნიკა მელიამ ამ პროცესში ძალიან დიდი როლი შეასრულა და დარწმუნებული ვარ, ის მომავალში კიდევ უფრო სერიოზულ როლს შეასრულებს, - ამის შესახებ „ლელოს" ერთ-ერთმა წევრმა, დავით უსუფაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტპატიმრები აუცილებლად უნდა გათავისუფლდნენ.

„ყველა თანხმდება, ევროპაც, ამერიკაც, მმართველი პარტიაც და ცხადია, ოპოზიციაც, რომ მელია უნდა გათავისუფლდეს და ეს დოკუმენტში წერია. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ასეთ მაღალ დონეზე დოკუმენტშია დაფიქსირებული ის ორი საქმე, რომელსაც უნდა მოევლოს. ე.ი პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ.

ახლა ბუნებრივია, იქნება გარკვეული პრობლემები და ბარიერები ამ გათავისუფლების გზაზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს მოხდება და ნაბიჯებს წინ გადავდგამთ. ეს არ არის არაფრის დასასრული, ეს არის სერიოზული შრომისა და მუშაობის დასაწყისი ",-განაცხადა უსუფაშვილმა.

ის ამნისტიის კანონპროექტსაც შეეხო და აღნიშნა, რომ დოკუმენტში ამნისტია ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად განიხილება. მისი თქმით, მთავარია, ყველა შეთანხმების სულისკვეთებით იყოს განმსჭვალული.

„რეალური არსი ისაა, რომ ეს ხალხი გარეთ უნდა იყვნენ. ძალიან სერიოზული მოთმინება და ნერვების დამშვიდება გვჭირდება. არ მოხდეს ისე, რომ ვინც შეთანხმების დადებით და მისი შესრულებით დაინტერესებული არ არის, მას მიეცეს რაიმე საბაბი, რომ ხელზე დაიხვიოს",-განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, ამ შეთანხმებაში გაწერილია კონკრეტული ვადები და ერთ-ერთი მთავარი საკითხი პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა.

„პარლამენტში შესვლის თემა სხვათაშორის ძალიან საინტერესოა. ასე დამკვიდრა, რომ თითქოს სადღაც შევდივარ, არსად შევდივარ, იქედან ვერ გამოვედი, არჩეული პარლამენტის წევრი ჯერ კიდევ ყველას ჰქვია, რაც შეეხება სხდომებში მონაწილეობას და უშუალოდ ამ პროცესში ჩართვას, ეს დაკავშირებულია პოლიტპატიმრების საკითხთან. თუ ეს იქნება უკიდურესად აუცილებელი სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მზად ვარ პარლამენტის და სხვა ბევრ შენობაში მივიდე.

რაც შეეხება სრულფასოვნად საპარლამენტო საქმიანობის დაწყებას, ეს ნაბიჯებზეა დამოკიდებული", - განაცხადა უსუფაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს