ნინო ბურჯანაძე - მყარად რომ ვყოფილიყავით, ევროპელი კოლეგები უკეთეს დოკუმენტს დადებდნენ - დიდი შეცდომა იყო მოლაპარაკებებში ბოიკოტის მოწინააღმდეგეების მონაწილეობა, მათ შორის სალომე სამადაშვილის

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიატორის დახმარებით გამართულ მოლაპარაკებებში კონკრეტული ადამიანების ჩართვა შეცდომა იყო.

როგორც ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ ადამიანები, რომლებიც, მისივე შეფასებით, პირადი ინტერესით იყვნენ წარმოდგენილები და მათ საზოგადოება ევროპულ სტრუქტურებში გადაბარგებულებს მალე იხილავს.

„მოლაპარაკებებს სჭირდება გამოცდილება. მე არ ვამბობ, რომ, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული გაიყიდნენ და ან პირადი ინტერესით იყვნენ წარმოდგენილები, თუმცა, ასეთებიც იყვნენ და ჩვენ მალე ვიხილავთ მათ პარლამენტის სავარძლებიდან ევროპულ სტრუქტურებში გადაბარგებულებს. საკუთარი სამსახურისთვის და თანამდებობის ძებნით დაკავებულებიც იყვნენ მათ შორის ვინც მოლაპარაკებებში მონაწილეობდა. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც მართლა ფიქრობენ, რომ სხვა გამოსავალი არ იყო, გამოცდილების ნაკლებობის გამო. ამიტომ მოიკლეს თავი, რომ მე არ ვყოფილიყავი მოლაპარაკებების მაგიდასთან. მე არ დავთანხმდებოდი იმას, რაზეც ახლა ხელი მოეწერა იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, ჩვენ რომ მყარად ვყოფილიყავით, ევროპელი კოლეგები უკეთეს დოკუმენტს დადებდნენ. მათ შორის არ იქნებოდა მიბმა ადგილობრივ არჩევნებთან და იქნებოდა როგორც მინიმუმ პლებისციტი. ძალიან ბევრს აქამდეც უნდოდა პარლამენტში შევარდნა, მაგრამ იმდენი ჭკუა ეყო, რომ რაღაც ტიპის მეტნაკლები ერთობა თუ არ იქნებოდა, გადაწყვეტილება არ მიეღოთ.

საერთოდ, სწორია, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას თავის დროზე. ის, რომ ალეკო ელისაშვილს თავის დროზე თავისი სახელი არ დაერქვა, ამან დააზარალა პოლიტიკური პროცესი. ის, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ ბოიკოტის მოწინააღმდეგე და პარლამენტში შესვლის მომხრე ადამიანები, დიდი შეცდომა იყო. მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობიდანაც“, სალომე სამადაშვილი. ყველას არა, მაგრამ ვინც ახლა დოკუმენტს ხელი მოაწერა, თავიდანვე ჰქონდა პოზიცია, რომ პარლამენტში უნდა შესულიყვნენ. შეცდომა იყო ამის ხმამაღლა ართქმა. რა თქმა უნდა, მათ ყველას უნდოდათ ვადამდელი არჩევნები, მაგრამ ზოგი უფრო მყარი აღმოჩნდა ამ ბრძოლის პროცესში და ზოგს თავიდანვე ეტყობოდა მერყეობა, ჰქონდათ ვალდებულებები, რომელსაც გვერდს ვერ აუქცევდნენ“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, თუ ოპოზიცია პრინციპული იქნებოდა, ევროკავშირი ქვეყანას დახმარებას კი არ შეუწყვეტდა, სანქციებს ბიძინა ივანიშვილს დაუწესებდა.

თავისუფლება, თავისუფალი ქვეყანა ნიშნავს იმას, რომ თუ რამე არასწორს გვეუბნება მტერი თუ მოყვარე, შენ უნდა გქონდეს უნარი, აუხსნა რომ ის ცდება. თუ მონურად ემორჩილები ნებისმიერ შემოთავაზებას, თუნდაც ეს მეგობრისგან მოდიოდეს, იმის შანსი, რომ ხვალ მტერს დაემორჩილები მონურად, გაცილებით მეტია. საქართველომ უნდა შეძლოს რომ მეგობრებს აუხსნას, თუ ისინი ცდებიან. მეგობრობა ამას ნიშნავს და არა იმას, რომ თურმე ევროკავშირი დახმარებას შეგვიწყვეტდა. ევროკავშირი ჩვენ კი არ შეგვიწყვეტდა დახმარებას, ჩვენ თუ პრინციპულები ვიქნებოდით, ჩვენ მივიყვანდით საქმეს იქამდე, რომ ბიძინა ივანიშვილს დაუწესებდა სანქციებს. ეს შანსი გუშინწინდელი ხელმოწერით გაუშვა ოპოზიციამ იმ ადამიანების წყალობით, რომლებმაც ამ დოკუმენტს გულწრფელად თუ არაგულწრფელად ხელი მოაწერეს“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო