სალომე სამადაშვილი - ბარამიძე დღეს ერთს ამბობს, მეორე დღეს, მეორეს, იმის მიხედვით, რას ეტყვის სააკაშვილი - ხალხთან, ვინც შეთანხმების წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებს, სიამოვნებით დავჯდებოდი დებატებში

ბარამიძე ერთ დღეს ერთს ამბობს და მეორე დღეს - მეორეს, იმის მიხედვით, სააკაშვილი რას ეტყვის. მე პოლიტიკოსების იმ რიცხვს არ მივეკუთვნები, ვინც იცვლის პოზიციას სხვისი პოზიციიდან გამომდინარე, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა სალომე სამადაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის მოწოდების შემდეგ, გიორგი ბარამიძის განცხადებას, რომ პარტია შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის საკითხზე იმსჯელებს.

„მე მაქვს ჩემი პოზიცია, მათ შორის საკმაოდ მკაცრი და კატეგორიული პოზიციები. პირველად არ ხდება, რომ „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებული პოზიცია მაქვს. საერთოდ ვერ ვხედავ პრობლემას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ან ნებისმიერი პარტიის შიგნით სხვადასხვა აზრი არსებობდეს“,- განაცხადა სამადაშვილმა.

რაც შეეხება ნიკა მელიას საკითხს, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ შესთავაზა, თავად მიემართათ ევროპული ფონდისთვის გირაოს გადახდის თაობაზე, თუმცა ეს გზა არ მოეწონათ.

ნიკა მელიას პოზიცია გასაგებია და ის სწორიც არის, რომ გირაოს არ იხდის. მაგრამ მე „ნაციონალურ მოძრაობას“ შევთავაზე განეხილათ, რომ თავად პარტიას მიემართა ევროპული ფონდისთვის, რომ როგორც პარტია არაა წინააღმდეგ, იმიტომ, რომ თავისთავად უცნაური და უპრეცედენტო ფაქტია, რომ ევროპული ფონდი იხდის გირაოს. ნიკას პოზიცია გასაგებია, მაგრამ ჩემი შეთავაზება იყო, რომ ჩვენ ავიღოთ ჩვენს თავზე ეს პასუხისმგებლობა, როგორც პოლიტსაბჭომ. პარტია არის კოლექტიური ორგანო. პატიმრობაშია ადამიანი და თუ ჩავთვლიდით, რომ მისი გათავისუფლება ჩვენი პოლიტიკური ბრძოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლებოდა საკუთარ თავზე ასეთი პასუხისმგებლობის აღება. მაგრამ, გასაგებია, რომ ეს გზა არ მოეწონათ“,- განაცხადა სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილის განცხადებითვე, ბოიკოტმა საკუთარი თავი ამოწურა.

„ბოიკოტი პოლიტიკური ბრძოლის ისეთი ინსტრუმენტია, რომელსაც ხშირად მოჰყვება შეკრული პარტიების დაშლაც, არათუ ოპოზიციური ერთიანობის. ბოიკოტი არის მძიმე ინსტრუმენტი. ამ მძიმე ინსტრუმენტმა იმუშავა. მოგვიტანა შედეგები ნიკა მელიას თავგანწირვასთან ერთად. ბოიკოტმა თავისი თავი ამოწურა. გარკვეული შედეგი მოჰყვა და გასაგებია, რომ ამას მოყვებოდა აზრთა სხვადასხვაობა პარტიებს შორის. ეს მოხდა კიდეც, ჩვენ მაქსიმალურად თავიდან უნდა აგვეცილებინა ურთიერთდაპირისპირება, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ამ შემთხვევაში ბრძნული იქნებოდა, რომ თავი შეგვეკავებინა ერთმანეთის კრიტიკისგან. მაგრამ ცეცხლი ნამდვილად არ გაუხსნია იმ მხარეს, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ხელშეკრულებისთვის ხელი უნდა მოეწერა და თუ მეორე მხარე საკუთარ სისწორეში არაა საკმარისად დარწმუნებული, რომ ამაზე ისე ისაუბროს, რომ არ დაადანაშაულოს ის ხალხი, ვინც ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, ძალიან სამწუხაროა“,- განაცხადა სამადაშვილმა.

ამასთან, სამადაშვილი შეთანხმების დოკუმენტის წაინააღმდეგ მყოფ ადამიანებს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს დებატებს სთავაზობს.

„ის ხალხი, ვინც ამ შეთანხმების წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებს, ძალიან მინდა, რომ დებატებზე ვინმემ მოიწვიოს. მათთან სიამოვნებით დავჯდებოდი დებატებში. მოვისმენდი მათ აზრს, რა არის ალტერნატივა ან ნიკა მელიას და გიორგი რურუას გასათავისუფლებლად, ან საარჩევნო სისტემის შესაცვლელად, ან მართლმსაჯულების სისტემის გასაუმჯობესებლად, ან როგორ აპირებენ პოლიტიკურ გაგრძელებას, ან პოლიტიკური ბრძოლის მოგებას და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას. ოღონდ მაინტერესებს არა ზოგადი ფრაზები, არამედ კონკრეტული გეგმა. მე ხელი ამ შეთანხმებას იმიტომ მოვაწერე, რომ ევროკავშირმა დაარქვა „გზა საქართველოს მომავალისათვის“ და მჯერა, ამ შეთანხმების შესრულება არის გზა საქართველოს მომავლისთვის. მათ შორის იმ ხალხისთვის, ვინც დემაგოგიურად იძახის, რომ „ქართული ოცნება“ რაღაცას დაგპირდება და არ შეასრულებს. თუ „ქართული ოცნება“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამონაწილეობით არსებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს, მაშინ საერთოდ სხვა რეალობაში ვართ. სწორედ იმიტომ, რომ მჯერა, რომ ჩვენ მივიღეთ ისეთი ხელშეკრულება, რომლის შესრულება ამ ქვეყნის ინტერესებშია და შესაძლებელიცაა, რომ შესრულდეს. ხელშეკრულება, რითაც ევროკავშირის და ამერიკის ჩართულობა უზრუნველვყავით პროცესში, ამიტომ მოვაწერე ხელი და ამიტომ ვიღებ მადლობის წერილებს მაგალითად, სახელმწიფო დეპარტამენტიდან, ბრიუსელიდან, ვაშინგტონიდან, რომ ჩემს თავზე ავიღე პასუხისმგებლობა“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა