გია ვოლსკი - ზურაბ ჯაფარიძე და ნებისმიერი, ვინც თავის თავზე იღებს ვალდებულებას, რომ პარლამენტში გააგრძელოს მუშაობა, მართალია ქვეყნის, საზოგადოების და ისტორიის წინაშე

საკითხი სამართლებრივად უნდა გადაწყდეს, მაგრამ არის კიდევ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მდგენელი იმ ნაბიჯის, რომელიც აბათილებს წინა განცხადებას და მოსაზრებას და არანაირი ნიშნის მოგება არ შეიძლება ჩვენს შორის იყოს ამ ვითარებაში, - ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში ჩანიშნულ პროცესს, სადაც მანდატების არშეწყვეტასთან დაკავშირებით ელენე ხოშტარიას და თამარ კორძაიას საჩივრებთან ერთად განიხილება ასევე ზურაბ ჯაფარიძის საჩივარი, რომელმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა.

ვოლსკის თქმით, ამ ვითარებაში არასწორია გამოედევნო იმ მოსაზრებებს, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტი ადრე აფიქსირებდა.

"ვფიქრობ, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ნებისმიერი სხვა, ვინც თავის თავზე იღებს ვალდებულებას, რომ პარლამენტში გააგრძელოს მუშაობა, არის მართალი ქვეყნის, საზოგადოების და ისტორიის წინაშე, მიუხედავად იმისა, რა პოლიტიკური დამოკიდებულება გამაჩნია. კონკრეტული პოლიტიკური ძალების და სუბიეტების მიმართ ნეგატიურია ჩემი პირადი დამოკიდებულება, მაგრამ ვფიქრობ, გამოედევნო ამ ვითარებაში რაღაც საკითხებს, როდის ამბობდა სიმართლეს, ამას აქვს ერთი ძალიან მყარი პასუხი - სიმართლე არის ის, რომ ჩვენს ხალხს მობეზრდა ის ვითარება, რომელიც საქართველოში არის შექმნილი. რაც შეეხება დღევანდელ სასამართლოს, მე არანაირი მოლოდინი არ მაქვს, ვინაიდან არ ვარ მოსამართლე. აქ უნდა გადაწყდეს საკითხი სამართლებრივად - ეს ერთი, მაგრამ არის კიდევ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მდგენელი იმ ნაბიჯისა, რომელიც აბათილებს წინა განცხადებას და მოსაზრებას და არანაირი ნიშნის მოგება არ შეიძლება ჩვენს შორის იყოს ამ ვითარებაში. ანგარიში უნდა გავუწიოთ საზოგადოებას პირველ რიგში, რადგან საზოგადოებას ეკუთვნის ეს ქვეყანა პირველ რიგში და არა პოლიტიკურ პარტიებს და სუბიექტებს", - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, დღეს პარლამენტის მიერ სადეპუტატო უფლებამოსილების არშეწყვეტის თაობაზე სამი ოპოზიციონერი დეპუტატის - ზურა გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და თამარ კორძაიას სარჩელებზე იმსჯელებს.

სხდომა 12:00 საათზე ონლაინ რეჟიმში ჩატარდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს