შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის განმარტება იყო, რომ 20 ივნისის საკითხი საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებს შორის კვლავ პოლარიზაციის მიზეზია, ამიტომ აჯობებს, თქვენი ახლო წარსულის ეს ფურცელი გადაშალოთ

ევროკავშირის განმარტება იყო, რომ 20 ივნისის საკითხი საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებს შორის კვლავ არის პოლარიზაციის მიზეზი, ამიტომ აჯობებს, თქვენი ახლო წარსულის ეს ფურცელი გადაშალოთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ორმხრივ ამნისტიასთან დაკავშირებით სპეკულაციები ემსახურება იმას, რომ შეთანხმების აღსრულება ჩაიშალოს. ამასთან პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ ბოლო შეხვედრაზე, სადაც შარლ მიშელის წარმომადგენელი მათ ჩაერთოთ, განმარტებები მხოლოდ ამ პუნქტზე გაკეთდა და ის ოპოზიციამაც მოისმინა.

"ამ შეთანხმებაში ყველაფერი არის დეტალურად მოწესრიგებული და განმარტებები თავის დროზე გაკეთებული, ამ სპეკულაციების ერთადერთი მიზანი არის, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ევროპულმა საქართველომ", რომელებმაც ამ ჯერზე ეს შეთანხმება ვერ ჩაშალეს, ახლა ჩაშალონ მისი აღსრულება, ეს აქვს მიზანი თითქოს კითხვის ნიშნების დასმას, რომ არსებობს თითქოს რაიმე ღია საკითხი. ბოლო შეხვედრაზე, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობაში შედგა, რომელიც შემდეგაც პრეზიდენტის სასახლეში იყო ხელმოწერა, საუბარი იყო მხოლოდ ერთ საკითხზე - მხოლოდ ამ პუნქტზე, სადაც ჩაგვერთო შარლ მიშელის წარმომადგენელი ბრიუსელიდან და ამ შეთანხმებიდან მხოლოდ ამ პუნქტზე ჩათვალა საჭიროდ, რომ კიდევ ერთხელ მოეცათ განმარტება, თუ რას გულისხმობს ევროკავშირი ამ პუნქტში, მან დეტალურად კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ეს შეეხება 19-20 ივნისის საკითხებს, რომ ეს იქნება ამნისტია, გირაოს გადაიხდის ევროკავშირი და თუკი ნიკა მელიას,“ ევროპულ საქართველოს“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ეჩქარება, რომ ნიკა მელია გამოვიდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გირაოს შესაძლებლობა შეუძლია გამოიყენოს, თუ არ ეჩქარება დაელოდოს ამნისტიას და ამნისტირებული იქნება. ყველა პარტიამ, მათ შორის "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ევროპულმა საქართველომ" ზუსტად მოისმინა რასაც გულისხმობს ეს და ნებისმიერი კითხვის ნიშნის დასმას და სპეკულირებას აქვს მხოლოდ ერთი მიზანი, რომ ის, რაც ვერ ჩაშალეს აქამდე, ახლა ცდილობენ მისი აღსრულება ჩაშალონ. სწორედ ამიტომ იყო მედიაციის პროცესი, რომ რაზეც შევთანხმდით, შევთანხმდით, დამატებით პირობების წამოყენება აღარ ხდება. ეს იყო აშშ-ის და ევროკავშირის შემოთავაზება, ეს ჩვენგან არ მოდიოდა და როგორც შემოგვთავაზეს, ზუსტად ისე დარჩა შეთანხმებაში. ამ შემოთავაზებაზე მათი განმარტება იყო ასეთი, რომ 20 ივნისის საკითხი საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებს შორის კვლავ არის აზრთა სხვადასხვაობის, პოლარიზაციის მიზეზი, ამიტომ იმისთვის, რომ ეს მიზეზი აღმოიფხვრას და წინ გაიხედოთ, აჯობებს, თქვენი ახლო წარსულის ეს ფურცელი გადაშალოთ. სწორედ ამას გულისხმობს ფურცლის გადაშლა - არა ნახევრად გადაშლას, არა ნახევრად გადაკეცვას, არამედ გადაშლას, რომ გავიხედოთ წინ,"- განაცხადა პაპუაშვილმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
ნიკოლოზ მეტრეველი - ჩინეთი აღარ იმალება და იცდის
სინერჯი ჯგუფი კერძო კაპიტალის ოპერაციებში მონაწილეობისთვის (LBO) იურიდიულ პირებს იწვევს