პაატა მანჯგალაძის განცხადებით, მოცემულ სიტუაციაში ნიკა მელიას გასათავისუფლებლად ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი ამნისტიაა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, მოცემულ სიტუაციაში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გასათავისუფლებლად ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი ამნისტიაა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ადამიანებმა, რომლებიც მხარს არ აუჭერენ ამნისტიის შესახებ კანონპროექტის მიღებას, ამ პროცესს ხელი არ უნდა შეუშალონ.

„იმ რეალობაში, რომელშიც ვართ, რამდენიმე გზა არსებობს, პირველი იყო გირაოს გადახდა, რაც მართლა ამორალურია და ჩემი აბსოლუტური მხარდაჭერა აქვს ამ საკითხში ნიკა მელიას, მეორე საკითხი არის ამნისტია, რომელიც მოცემულ სიტუაციაში მეტ-ნაკლებად მისაღებია, მაგრამ ნიკა მელიასთვის შეიძლება მიუღებელიც იყოს, ამას ამ ეტაპზე ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. კიდევ არსებობს ერთი საშუალება, რომ გამოვიყვანოთ 50 ათასი კაცი და ხელისუფლება შევცვალოთ, რისი ალბათობაც ამ ეტაპზე ძალიან დაბალია, რადგან ვიცით, რომ ნიკა მელიას დაპატიმრების დროს პარტიული აქტივის გარდა, არავინ გამოსულა და მეოთხე არის აბსურდული, ბიძინა ივანიშვილს გაეხსნას გონება და უარი თქვას პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე. მოცემულ სიტუაციაში, ამ 4 ჩამოთვლილი ვარიანტიდან ყველაზე რეალისტური არის ამნისტია. ამ ამნისტიის აქტზე პასუხისმგებლობა აქვს ოპოზიციას, ნიკა მელიას და „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლიათ უმწიკვლოდ გამოვიდენ ამ პროცესიდან, მაგრამ ამისთვის საჭიროა ერთი რამ, ნუ გვლანძღავენ და ამ პროცესში ხელს ნუ შეგვიშლიან“,-განაცხადა მანჯგალაძემ.

მისი თქმით, ამნისტიის შესახებ კანონპროექტი არ გავრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებმაც 20 ივნისის ღამეს არაადამიანური მოპყრობა ჩაიდინეს და ადამიანებს თვალები დათხარეს.

„იმ ადამიანებზე, რომელიც ძალადობდნენ, თვალს თხრიდნენ, აღნიშნული ამნისტია ვერანაირად ვერ გავრცელდება. მათაც ძალიან კარგად იციან, ეს არის პროპაგანდა იმისთვის, რომ მიღწეული შედეგი დააკნინონ. კიდევ ერთხელ ვამბობ, იმ ადამიანებზე, ვინც თვალები დათხარა, ვინც ღირსების შემლახველ ქმედებებში და წამებაში მონაწილეობდა, ეს არის კონვენციით დაცული მუხლები და ბიძინა ივანიშვილმა კი არა, ვინც არ უნდა გადაწყვიტოს დედამიწაზე, ამ მუხლებზე ამნისტია ვერ გავრცელდება“,-განაცხადა მანჯგალაძემ.

ის ნიკა მელიას გასათავისუფლებლად ევროპელი პარლამენტარების თავდებობას დადებითად აფასებს.

„თავდებობასთან დაკავშირებით ძალიან კარგი ინიციატივაა, მაგრამ შეთანხმებას ორი მხარის ნება სჭირდება. „ქართული ოცნების“ პირობებში ამ შესაძლებლობას გამოვრიცხავ, მაგრამ მივესალმები, თუ ასე მოხდება. ყველა ფორმა, რომელიც ნიკა მელიას და გიორგი რურუას ციხიდან მალე გამოიყვანს, ჩვენთვის მისაღებია. ჩვენთვის მისაღებია თავდებობა, იმიტომ, რომ უფრო ნაკლებ რისკებს შეიცავს, მათ შორის მორალურს. რაც შეეხება ამნისტიას, ეს მოცემულ სიტუაციაში ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია. ის ადამიანები, რომლებიც მხარს არ აუჭერენ ამას, ხელს მაინც ნუ შეგვიშლიან“,-განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა