ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, საქართველოში შემოსულ „ასტრაზენეკას“ ვარგისიანობის ვადა მაისის ბოლოს გასდის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, 13 მარტს საქართველოში შემოსული „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ვარგისიანობის ვადა 31 მაისს გასდის.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ორგანიზებით გამართულ ვებინარზე, „ინტერპრესნიუსის“ მიერ დასმულ კითხვაზე, შევძლებთ თუ არა ვარგისიანობის ვადის ამოწურვამდე ვაქცინის ათვისებას, ზახაშვილმა განმარტა, რომ უკვე აცრილი და დარეგისტრირებული ადამიანების რაოდენობის გათვალისწინებით და იმ პირობებში, როდესაც მაისის თვეში აცრილთა მეორე დოზით ვაქცინაცია უნდა მოხდეს, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ათვისება შესაძლებელი იქნება. მისივე განმარტებით, ჯერ უცნობია „ასტრაზენეკას“ იმ ვაქცინის ვადა, რომელიც საქართველოში მიმდინარე თვეს უნდა ჩამოვიდეს.

„ახლა შემოსული რაც გვაქვს, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ეს არის 43 200 დოზა, რომელიც შემოვიდა 13 მარტს საქართველოში, მისი ვარგისიანობის ვადა არის 31 მაისამდე. ახლა აცრილთა რაოდენობის მიხედვით და უკვე დაჯავშნილი ადგილების მიხედვით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე, იმის გათვალისწინებით, რომ უკვე აცრილ ადამიანებს უწევთ, ასევე მეორე დოზით აცრა მაისის თვეში, ვფიქრობთ, რომ ეს 43200 დოზა სრულად იქნება ათვისებული ვადაში და შესაბამისად, არ გვექნება პრობლემა ვაქცინის ათვისების. რაც შეეხება დანარჩენ დოზებს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის, რომელსაც ველოდებით აპრილში, სამწუხაროდ, სანამ ვაქცინა არ შემოვა, ფაქტობრივად, მათი ვარგისიანობის შესახებ არ გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია და ვერაფერს გეტყვით, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ეს იმდენად მცირე დოზებია ჩვენს საჭიროებასთან შედარებით, რომ მათი ათვისება მოესწრება და არ გახდება დოზები ჩამოსაწერი ვადის გასვლის გამო,“- განაცხადა ზახაშვილმა.

ამასთანავე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის ივანე ჩხაიძის თქმით, ეს პრობლემა მასიური ვაქცინაციის დროს დადგება, როდესაც ქვეყანაში მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვა, თუ ვაქცინაციის პროცესი არსებული ტემპით გაგრძელდება.

„მასიური ვაქცინაციის დროს, რა თქმა უნდა, ამის რისკი არსებობს, დღეს ამის რისკი არ არის. მასიური ვაქცინაციის დროს, ჩვენ ველოდებით მილიონ დოზა „ფაიზერის“ ვაქცინას და მილიონი დოზის შემთხვევაში, ამისი რისკი გაცილებით მეტია, თუ შევინარჩუნეთ ის ტემპი, რაც დღეს გვაქვს, სამწუხაროდ ეს რეალობაა,“- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

იხილეთ ვიდეო: საქართველოში შემოსულ "ასტრაზენეკას" ვარგისიანობის ვადა მაისის ბოლოს გასდის

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო