“საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ ევროკავშირისა და აშშ-ს ჩართულობით დასრულებული მედიაციის პროცესზე განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ ქართულ საზოგადოებას მიმდინარე პოლიტიკური მედიაციის საბოლოო შეთანხმებით დასრულებას ულოცავს და აღნიშნავს, რომ შეთანხმება საქართველოს უსაფრთხო მომავლის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება.

როგორც „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ განცხადებაშია აღნიშნული, 19 აპრილის სამედიაციო შეთანხმებამ ცხადყო რომ, მედიაცია დავის გადაწყვეტის უალტერნატივო საშუალებაა.

„ამ ისტორიულ პროცესში მნიშვნელოვანი ფუნქცია - მედიატორობა იტვირთეს საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორებმა - ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების სახით, რისთვისაც, როგორც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პროფესიონალთა გაერთიანებამ, გვსურს მათ დიდი მადლობა გადავუხადოთ მედიატორთა პროფესიის სახელით, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი განვითარების საქმეში ლომის წვლილის შეტანისთვის.

პროცესმა, რომელმაც 6 თვეზე მეტ ხანს გასტანა, ბევრი რამ დაანახა საზოგადოებას, მათ შორის მედიაციის საკვანძო ასპექტები, კერძოდ:

მედიაციაში არ ხდება შეცდომებისა და ბრალის დადგენა - მედიაცია მომავალზე ორიენტირებული პროცესია;

მედიაცია კონფიდენციალური პროცესია. მედიაციის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის საჯარო სივრცეში გაჟღერება მხარეთა შეთანხმების საგანია;

მედიაციას, არ ჰყავს დამარცხებული მხარე;

„კომპრომისი“ პირობითია და რაიმე საკითხზე აზრისა თუ მიდგომის შეცვლა, როდესაც ეს უფრო მნიშვნეწლოვან ინტერესს ემსახურება, მხარეთა სიძლიერის მაჩვენებელია.

მნიშვნელოვანია, რომ ყველასთვის სარგებლიანი შეთანხმება ევროპული მედიაციით საბოლოოდ შედგა, რითაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით დადასტურდა, რომ მედიაციას არც-ერთ შემთხვევაში აქვს ალტერნატივა და ყოველთვის მოაქვს ორმხრივად სასურველი შედეგი.

აღვნიშნავთ, რომ დღეს ყველა პირობაა შექმნილი საქართველოში, რათა მედიაცია გახდეს უალტერნატივო დავის გადაწყვეტის მექანიზმი მოქალაქეებისთვის: მიღებულია კანონი მედიაციის შესახებ, რომელიც 2020 წელს შევიდა ძალაში, კანონის საფუძველზე შექმნილია პროფესიული ასოციაცია, რომელიც ახორციელებს მედიატორების პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დანერგვას, პილოტირებულია სასამართლო მედიაციის ცენტრები, კანონით შექმნილია კერძო (არასასამართლო) მედიაციის ყველა გარანტია. ახლა მნიშვნელოვანია საზოგადოებამ გაიგოს და მოქალაქეებმა საკუთარ თავზე გამოსცადონ მედიაციის სიკეთე და უპირატესობები.

ამ მხრივ, მედიატორთა ასოციაცია იმედოვნებს, რომ სახელმწიფო იქნება სამაგალითო მოქალაქეებისთვის და პირველ რიგში, სწორედ სახელმწიფო ინსტიტუტები დაიწყებენ მედიაციის დანერგვას როგორც შიდა (სახელმწიფო სტრუქტურებში არსებული შიდა შრომითი თუ სხვა) დავების, ისე გარე (მესამე პირებთან) ურთიერთობისას წარმოშობილი დავების ეფექტიანად გადასაწყვეტად.

19 აპრილის სამედიაციო შეთანხმებამ ცხადყო რომ, მედიაცია არის დავის გადაწყვეტის უალტერნატივო საშუალება. ვიმედოვნებთ, რომ სახელმწიფო გააგრძელებს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მხარდაჭერას, რაც მნიშვნელოვანია ასოციაციის ორგანიზაციული მდგრადი განვითარების, მედიაციის შესახებ ცნობადობის ამაღლებისთვის და მედიატორის პროფესიის ეფეტური ინსტიტუციონალიზაციის გზაზე“, - აღნიშნულია „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა