ივანე ჩხაიძის განცხადებით, მსოფლიოში კორონავირუსზე კვლევის სხვადასხვა ფაზას ჯამში 100-ზე მეტი ვაქცინა გადის

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის, იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, მსოფლიოში 23 ვაქცინა მესამე ფაზის კვლევებში იღებს მონაწილეობას. მისივე განმარტებით, დღესდღეობით 13 ვაქცინას აქვს სრული ან ნაწილობრივი ავტორიზაცია და გამოიყენება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ვაქცინაციისთვის.

ამასთანავე, როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, 13 აპრილის ინფორმაციით, ჯამში მსოფლიოში კვლევის სხვადასხვა ფაზას 100-ზე მეტი ვაქცინა გადის.

„4 ვაქცინა არის მიტოვებული ანუ ამ 4-მა ვაქცინამ არ გაამართლა, 8 ვაქცინა არის მთლიანად მიღებული გამოყენებისთვის, აქვს მთლიანი ავტორიზაცია და 5 ვაქცინას აქვს ნაწილობრივი ავტორიზაცია. ჯამში არის 13 ვაქცინა, რომელსაც იყენებენ მსოფლიოში. თუმცა, ამავე დროს, მესამე ფაზის კვლევებში არის 23 ვაქცინა. მესამე ფაზის კვლევა ნიშნავს, რომ უკვე გადასულია მათი შემოწმება ათეულ ათასობით მოხალისეზე. 37 ვაქცინა გადის კვლევის მეორე ფაზას, პირველ ფაზაზე 52 ვაქცინაა ანუ ასზე მეტი ვაქცინაა, რომელსაც ჩვენ ველოდებით უახლოეს თვეებში. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, თუ ჩვენ ახლა გვაქვს არჩევანი 3 ვაქცინას შორის, ძალიან მალე ვაქცინების რაოდენობა გაცილებით მეტი იქნება. პროცესი ძალიან სწრაფად მიმდინარეობს, ათობით მილიარდობით დოლარია ჩადებული სხვადასხვა წყაროებიდან,“- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მისივე ინფორმაციით, ვაქცინების შემუშავების თვალსაზრისით პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია.

„ვაქცინის შემუშავების თვალსაზრისით, პირველი ქვეყანა არის ამერიკის შეერთებული შტატები, ეს კლინიკური კვლევების მაჩვენებელია, 60-ზე მეტი ვაქცინა მხოლოდ ამ ქვეყანაში არის შემუშავების პროცესში, მეორე ადგილზე არის ჩინეთი - 25 ვაქცინა, მესამე არის დიდი ბრიტანეთი და შემდეგ ინდოეთი,“- განაცხადა ჩხაიძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს