დავით ნარმანიამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს ელექტროენერგეტიკის სექტორში რეფორმების მიმდინარეობის პროცესი გააცნო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს ელექტროენერგეტიკის სექტორში რეფორმების მიმდინარეობის პროცესი გააცნო. ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ენერგეტიკის კომიტეტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე სემეკის თავმჯდომარემ მიმოიხილა ზოგადი საკანონმდებლო ჩარჩო და ნორმატიული აქტები, ისაუბრა ბაზრის მოდელის კონცეფციის, საბითუმო და საცალო ბაზრების წესების, ბაზრის მონიტორინგის მნიშვნელობისა და ამ მიმართულებით სემეკის აქტივობების შესახებ. მან ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკულ ბაზარზე ლიბერალიზაციისა და კონკურენციის განვითარების ხელშეწყობის აუცილებლობაზე.

დავით ნარმანიასთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის გენერალური დირექტორი, ირინა მილორავა და სემეკის წარმომადგენლები.

„მნიშვნელოვანია, რომ ენერგეტიკაში მიმდინარე რეფორმების პროცესზე ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდეს ბიზნესს. მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან და მუდმივად ვაწოდებთ მათ დეტალურ მონაცემებს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებულ სიახლეებთან დაკავშირებით. დღეს, შეხვედრის მონაწილეებს გავაცანი როგორც უკვე შესრულებული, ასევე უახლოეს მომავალში განსახორციელებელი აქტივობების თანმიმდევრობა. მოგეხსენებათ, დაგეგმილია ელექტროენერგეტიკული ბაზრის გახსნა და საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვანი ამოქმედება, აქედან გამომდინარე, ბიზნესის ინტერესი ენერგეტიკის სექტორის მიმართულებით დიდია, რაც მისასალმებელია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ასევე, შეხვედრის მონაწილეებს ელექტროენერგეტიკული ბაზრის სამომავლო სტრუქტურის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა სემეკის წარმომადგენელმა, ზვიად გაჩეჩილაძემ. მან ყურადღება გაამახვილა „ანბანდლინგის“ (განცალკევება) პროცესზე, გადამცემი და განაწილების სისტემების საქმიანობების განცალკევების აუცილებლობაზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა