იაგო ხვიჩია - არაფერ შუაშია, რომ თითქოს ქალებს ვჩაგრავთ - ჩვენ ჩვენი პირობა უნდა შევასრულოთ, რომელიც მხარდამჭერებს მივეცით

არაფერ შუაშია, რომ თითქოს ქალებს ვჩაგრავთ - ჩვენ ჩვენი პირობა უნდა შევასრულოთ, რომელიც მხარდამჭერებს მივეცით, - ამის შესახებ „გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ პარტიის საარჩევნო სიიდან ქალების „ჩახსნის" გადაწყვეტილების თაობაზე განაცხადა.

ხვიჩია ამბობს, რომ პარლამენტის წევრი ის ოთხი ადამიანი უნდა იყოს, რომელთაც „გირჩის" მხარდამჭერებმა დაუჭირეს მხარი.

„თავის დროზე სია „გირჩის" პრაიმერიზით შეირჩა. „გირჩის" მხარდამჭერებმა მათთვის სასურველი ათეული აირჩიეს. ამ ათეულიდან ჩვენ პარლამენტში ოთხი ადამიანი გავიყვანეთ. ჩვენს მხარდამჭერებს ამ ოთხ ადამიანში არც ერთი ქალი არ აურჩევია. ქალბატონი სალომე მუჯირი პირადი მეგობარი, თანამოაზრე და კარგი ადამიანია. ის სამყაროს დაახლოებით ისე უყურებს, როგორც ვუყურებთ ჩვენ და ჩვენთვის იდეალური იქნებოდა, რომ ის პარლამენტშიც იყოს. არანაირი პრობლემა მასთან არ გაგვაჩნია. დღესაც ვაპირებ, ვესტუმრო. ვიღაც ჩვენგან სალომეს ინტერესებს რომ იცავს, ძალიან სასაცილო ამბავია. ზაფხულიდან ყველამ იცის, რომ ჩვენ პარლამენტში ოთხი ადამიანის გაყვანას ვაპირებდით, რომელიც „გირჩის" მხარდამჭერებმა აირჩიეს. ყველაფერი, რაც ამ მიზანს ეწინააღმდეგება, ფორმალობა იყო. ვამბობდით, რომ ეს ყველაფერი მოხდებოდა. საკონსტიტუციო სასამართლოშიც გავასაჩივრეთ", - განაცხადა ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

პარტია „გირჩი“ ცესკოში რეგისტრირებული საარჩევნო სიიდან ყველა ქალი კანდიდატის ამოღებასა და ამ მოთხოვნით ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მიმართვას გეგმავს.

მიზანი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრე რაქვიაშვილის პარლამენტის წევრად ცნობაა. ამავე მიზნით დეპუტატის მანდატს სალომე მუჯირი დათმობს, რომელიც “გირჩის“ სიით გასული პარლამენტის უფლებამოსილი წევრია.

31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, “გირჩის” სიით პარლამენტში შევიდნენ და სადეპუტატო უფლებამოსილება აქვთ ზურაბ ჯაფარიძეს, იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილსა და სალომე მუჯირს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს