საქართველოსა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს სამინისტროებს შორის 2021-2022 წლის სამოქმედო გეგმას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუმ ხელი მოაწერეს 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმას საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხელმოწერის ცერემონია ქ. ბუქარესტში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში გაიმართა.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე დავით ზალკალიანმა კოლეგას მადლობა გადაუხადა რუმინეთი-პოლონეთი-თურქეთის სამმხრივ მინისტერიალზე საქართველოს და უკრაინის მოწვევის გამო, რაც რუმინეთის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის მორიგი დემონსტრირებაა.

ასევე, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-რუმინეთის ახლო მეგობრობას და მჭიდრო პარტნიორობას შავი ზღვის რეგიონში, ისევე როგორც რუმინეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

“შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონის უსაფრთხოების გარემოს. მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და ხაზი გაუსვეს როგორც პარტნიორი ქვეყნების, ასევე ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობას ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.

ხაზი გაესვა საქართველოს და რუმინეთის, როგორც შავი ზღვის აუზის ქვეყნების თანამშრომლობის მნიშვნელობას ტრანსპორტის, ენერგეტიკის და საერთაშორისო სატრანზიტო კავშირების განვითარების მიმართულებით. ამ მხრივ კიდევ ერთხელ აღინიშნა კასპია-შავი ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის შეთანხმება, რომელიც 4 ქვეყნის მონაწილეობით 2019 წელს ბუქარესტში გაფორმდა.

მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოს მნიშვნელოვან როლზე ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების და ევროპა-აზიის ეფექტიანი კავშირის უზრუნველყოფის კონტექსტში. ამ მხრივ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ფარგლებში დაკავშირებადობის დიალოგის დაფუძნების მნიშვნელობას.

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე საუბრისას მინისტრმა კოლეგას გაუზიარა საქართველოს პრიორიტეტები, მათ შორის 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების, ევროკავშირთან მეტი დაახლოებისა და ინტეგრაციის არსებული თუ ახალი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოლოდინებთან დაკავშირებით.

ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას მინისტრებმა გამოთქვეს მზაობა აქტიურად იმუშაონ ახლო მომავალში საქართველოსა და რუმინეთს შორის სტრატეგიული დიალოგის ფორმატის დაფუძნების შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო