დავით თვალაბეიშვილი - გვესმის, რომ ელექტროენერგიაზე მოთხოვნას 100 პროცენტით ვერ დავიკმაყოფილებთ, მაგრამ იმპორტი გონივრულ ფარგლებში უნდა ხორციელდებოდეს - დღეს არსებული 35% საგანგაშოა

ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს სახელით საჯარო ონლაინ დისკუსია გაიმართა. ონლაინ დისკუსიაში, სადაც რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობისა და ელექტროენერგიის მიღების დივერსიფიკაციის აუცილებლობაზე გამახვილდა ყურადღება, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა და ევროპარლამენტის წევრმა ვიოლა ფონ კრამონმა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დისკუსიაში, რომელიც საქართველოს ელექტროენერგეტიკის განვითარების შესაძლებლობებსა და მიმდინარე სამთავრობო რეფორმებს მიეძღვნა, აქცენტი გაკეთდა რუსეთისგან ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობის მნიშვნელობასა და ამ მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე.

„საქართველო საკმაოდ რთულ რეგიონში მდებარეობს. ჩვენი ზოგიერთი მეზობლისთვის ენერგია არის პოლიტიკური იარაღი. ჩვენ ასე განვსაზღვრავთ საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას - ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულება იმპორტულ ელექტროენერგიაზე 10-15 პროცენტზე მეტი არ უნდა იყოს. კარგად გვესმის, რომ ვერასდროს შევძლებთ, დავიკმაყოფილოთ ჩვენი მოთხოვნა ელექტროენერგიაზე 100 პროცენტით, მაგრამ იმპორტი გონივრულ ფარგლებში უნდა ხორციელდებოდეს. ამჟამად ეს მაჩვენებელი არის 35 პროცენტი, რაც საგანგაშოა," - განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპას ერთიანი ენერგოსისტემა აქვს, რომელშიც ევროკავშირის ყველა ქვეყანაა ჩართული, ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, ქვეყნებს უნდა გააჩნდეთ საკუთარი მოხმარების 100 პროცენტის დაკმაყოფილების შესაძლებლობა, ანუ უნდა ჰქონდეს გენერაციის საშუალებები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში უნდა აკმაყოფილებდეს თავის მოხმარებას. ყველას ჰქონდეს 100 პროცენტით თავისი გენერაციის შესატყვისი ინფრასტრუქტურა”, - აღნიშნა დავით თვალაბეიშვილმა.

ასევე, მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველო, რომელიც ევროპის ენერგეტიკული საზოგადოების წევრია 2017 წლიდან, დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმირებასა და მარეგულირებელი ბაზის ევროპულთან ჰარმონიზაციას.

გარდა ამისა, დავით თვალაბეიშვილის თქმით, საქართველო, ევროკავშირთან თანამშრომლობით, მუშაობს საქართველოს ენერგეტიკული ქსელის ინტეგრაციაზე საერთო ევროპულთან და ინტენსიურად ამუშავებს შავი ზღვის ფსკერზე ელექტროგადამცემი კაბელის მშენებლობის სტრატეგიულ პროექტს.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და ქვეყნის ენერგოსექტორის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს მეგობრებს ევროკავშირიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომელთაც მსგავსი საკითხების მოგვარების წარმატებული გამოცდილება აქვთ," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა