ამირან გამყრელიძე - პირბადის ტარების მაჩვენებელი 70%-მდე გაიზარდა - დავიცვათ წესები, არ გვინდა, დამატებითი შეზღუდვები იყოს

არავინ არ უარყოფს, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეპიდსიტუაცია თანდათან უარესდება - ყოველდღიური შემთხვევები მერყეობს 1200-ის ფარგლებში, როგორმე უნდა შევეცადოთ, რომ ეს მაჩვენებელი აპრილ-მაისის განმავლობაში შევინარჩუნოთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი გააქტიურდეს, რადგან აცრების გარეშე ეპიდემია ვერ დამთავრდება.

„ერთხელ გვქონდა სერიოზული ნახტომი მეორედ ჯერ ასეთი დიდი ნახტომი არ ყოფილა. ყოველდღიური შემთხვევები მერყეობს 1200-ის ფარგლებში. დღეს 966 ახალი შემთხვევა, მაგრამ ეს დამოკიდებულია ყოველთვის ჩატარებული კვლევების რაოდენობაზე. მოგეხსენებათ, რომ შაბათ-კვირას იკლებს კვლევების რაოდენობა. გუშინ 24 საათში არის 23 888 კვლევა ჩატარებული, ამიტომ გვაქვს 966 ახალი შემთხვევა. როგორმე უნდა შევეცადოთ, რომ ეს მაჩვენებელი შევინარჩუნოთ აპრილ-მაისის განმავლობაში. ერთ-ერთი დამაიმედებელი ფაქტორი გახლავთ ის, რომ ქვეყანაში გაიზარდა პირბადის ტარების მაჩვენებლი - 70%-მდე ავიდა, რაც ძალიან კარგი ნიშანია. ასევე, ოდნავ შემცირებულია მობილობა და ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მოქმედებს იმაზე, რომ ჯერჯერობით ახალი შემთხვევების მეორე ძლიერი ნახტომი არ გვაქვს. თუ ვეცდებით და დავიცავთ რეკომენდაციებს და დაახლოებით ამ ფარგლებში შევინარჩუნებთ, რა თქმა უნდა, ეს გარკვეულად დამაიმედებელი იქნება“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დღეს პირველად ბოლო კვირის განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ჭარბობს ახლად დაინფიცირებულთა რაოდენობას.

„ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა მოსახლეობას მივმართო, რომ განსაკუთრებით წინა სააღდგომო კვირაში და აღდგომის შემდგომ კვირაში, ყველამ გავითავისოთ ის, რომ სიტუაცია მთელ მსოფლიოში რთულდება, ყოველდღიური ინფიცირების რიცხვი მსოფლიოში 800 ათასს სცილდება და რა თქმა უნდა, ეს მოქმედებს ყველა ქვეყანაზე. ამიტომ მოსახლეობას მივმართავ აღდგომის წინა და შემდგომ კვირებში უნდა იქნეს დაცული ის რეკომენდაციები, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ და სასურველია, რომ მეტად მივმართოთ ამცრელ პუნქტებს. ბოლო 24 საათში 1533 აცრა ჩატარდა, მაგრამ ეს ძირითადად მაინც არის თბილისში 72-73%, 9% მოდის აჭარასა და იმერეთზე და დანარჩენ რეგიონებში სამწუხაროდ, არ არის აქტივობა. ჩვენ აქტიურად დავდივართ რეგიონებში, ვიყავით კახეთში ქვემო ქართლში და ა.შ. და ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, რომ მხარდაჭერა იყოს და ვაქცინაციის პროცესი გააქტიურდეს, რათა ჩვენ უფრო ფართოდ მოვიცვათ მოსახლეობა აცრებით, რადგან ამის გარეშე, აცრების გარეშე ეპიდემია ვერ დამთავრდება. ჩატარდა სულ 37 590 აცრა ქვეყანაში , აქედან 21 589 აცრილია „ასტრაზენეკათი“ და დანარჩენი „ფაიზერით“, „ფაიზერის მეორე დოზით, ანუ სრულად აცრილია ქვეყანაში 2 254 ადამიანი. ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ ყოველდღიურად გვჭირდება სულ მცირე 3000 აცრა აპრილ-მაისში და შემდგომ ეს მაჩვენებელი უფრო უნდა გაიზარდოს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც გამყრელიძემ განმარტა, შექმნილი ეპიდემიულოგიური ვითარებიდან გამომდინარე ხვალ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ყველანაირ პრევენციულ ღონისძიებაზე იმსჯელებენ.

„არ გვინდა, რომ რაიმე შეზღუდვა დაემატოს, დავიცვათ წესები, რეკომენდაციები და დისციპლინა - არ გვინდა, რომ დამატებითი შეზღუდვები იყოს“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო: დავიცვათ წესები, არ გვინდა დამატებითი შეზღუდვები იყოს - ამირან გამყრელიძე

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს