სერგი კაპანაძე - პრობლემას ვერ ვხედავ, რომ ამნისტია სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას შეეხოს - ოპოზიციური ძალების მხრიდან ერთმანეთზე თავდასხმა და შეტევა არაჯანსაღი პროცესია

ოპოზიციონერი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, თუ ამნისტია სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას შეეხება, ეს პრობლემა არ იქნება, მაგრამ, კანონპროექტი არ უნდა შეეხოს ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას და არაადამიანურ მოპყრობას.

როგორც კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განმარტა, მივა თუ არა ხვალ პარლამენტში ოპოზიცია, ეს დამოკიდებული იქნება სავარაუდოდ იმაზე, ამნისტიის შესახებ დოკუმენტის, რა ვერსია დაიდება.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამნისტია არ შეეხება ჯანმრთელობის განზრახ დამზიანებლებს. რაც შეეხება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას, გულწრფელად გეტყვით, მას რომ შეეხოს, პრობლემას ვერ ვხედავ იმიტომ, რომ საბოლოოდ რაღაც კომპრომისი უნდა გაკეთდეს, მაგრამ თუ გამოვლინდება ადამიანი, რომელმაც მაკო გომურს ესროლა და თვალი დათხარა, ეს არ არის მხოლოდ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება“, - განაცხადა კაპანაძემ.

მისი განმარტებით, გაცილებით უფრო მარტივი იქნება თავის დაზღვევა, რომ ამნისტია არ შეეხოს იმ მუხლებს, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

„ეს არის ძალადობრივი დანაშაულები და წესით ასეთ დანაშაულზე ამ ვითარებაში პოლიტიკური შეთანხმების შედეგად ამნისტია არ უნდა ვრცელდებოდეს“, - განაცხადა კაპანაძემ.

მისი განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლება პირდაპირ ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთის შედეგი იქნება.

„ამნისტიის შესახებ კანონპროექტის რა ვერსიაც არ უნდა იყოს ინიცირებული, ლოგიკა და საღი აზრი მოითხოვს, რადგან იციან, რომ ეს პროცესი ნიკას გათავისუფლებით დასრულდება, თუ არ გადაიფიქრეს, მაშინ 29 აპრილს უნდა გაათავისუფლონ. თუ არ უშვებენ, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს პირდაპირ არის პოლიტიკური შეკვეთა“, - განაცხადა კაპანაძემ.

მისი შეფასებით, ძალიან არაჯანსაღი პროცესია ერთმანეთზე თავდასხმა და შეტევა ოპოზიციური ძალების მხიდან.

„ეს ჯამში „ქართულ ოცნებას“ აზიანებს ისევ და არავის, არცერთ ამ ოპოზიციურ ძალას არ მგონია, რომ რაიმე დივიდენდებს აძლევდეს. ნიკა მელიას როლი შესაძლოა გადამწყვეტი იყოს იმაში, რომ პროცესი დაარეგულიროს მას შემდეგ, რაც ციხეში აღარ იქნება“,-განაცხადა კაპანაძემ.

რაც შეეხება „ქართულ ოცნებაში“ განხორციელებულ საკადრო ცვლილებას, სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ არჩილ თალაკვაძე „დასაჯეს“.

„როგორც ჩანს ივანიშვილს არ მოეწონა ის, რომ ამ დოკუმენტზე დათანხმება და უკან დახევა მოუწია, მათ შორის 43%-ზე დათანხმება. როგორც ჩანს, კობახიძემ თავი იმართლა, მე აშშ-ში ვიყავი და არ ვმონაწილეობდი ამაშიო, ასე ვთქვათ, თალაკვაძე დასაჯეს. მცირე სასჯელია სპიკერიდან ვიცე-სპიკერობამდე“, - განაცხადა კაპანაძემ.

მისი შეფასებით, ხელისუფლება „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის გიორგი რურუას საკითხს სავაჭროდ იყენებდა.

„სავაჭროდ ჰქონდათ რურუას საკითხი, დარწმუნებული ვიყავი, რომ დათმობდნენ. რაც შეეხება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, როგორც გიგი უგულავს და ოქრუაშვილის შემთხვევაში, მგონია, რომ ეს სწორი ნაბიჯი იყო. მას ეს ადრეც შეეძლო. პრეზიდენტი დამოუკიდებელი ფიგურა რომ იყოს, გაცილებით ადრე განმუხტავდა წინა კრიზისსაც და ამ კრიზისსაც“,-განაცხადა კაპანაძემ.

მისი პროგნოზით, „ქართულ ოცნებას“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება გაუჭირდება.

„ადგილობრივ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ 43%-ის აღება ძალიან გაუჭირდება. ამას იმ პირობებში ვამბობ, გახარია საერთოდ რომ არ მონაწილეობდეს. ერთ შემთხვევაშიც ძალიან გაუჭირდება, თუ გახარია არჩევნებში მონაწილეობას აპირებს და მეორე შემთხვევაშც, უბრალოდ შეუძლებელი იქნება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 43% აიღოს“,-განაცხადა კაპანაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო