ნიკა მელიას პოზიცია აბსოლუტურად მესმის, მაგრამ პასუხისმგებლობა მასზე არ არის - ამნისტიასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ჩვენზეა, ვინც დოკუმენტს ხელი მოვაწერეთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადება შეაფასა, რომელის თანახმადაც, ამნისტიის კანონპროექტის გაწვევის შემთხვევაში, მზად არის, ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდას დათანხმდეს.
ვაშაძის თქმით, ვინც ნიკა მელიას ამნისტიაზე მორალურ პასუხისმგებლობას აკისრებს, ამორალურ ქმედებას ჩადის.
„ეს იყო ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია, რომ აღარ მინდა ჩამოვიდე ამ ქვეყანაში და კიდევ პოლიტპატიმარ ნიკა მელიაზე ვისაუბრო, ამიტომ, ის უნდა დაიხუროს. ამის დახურვის ერთ-ერთი გზა ამნისტიაა. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს. აქედან გამომდინარე, მზად ვარ, რომ ეს პასუხისმგებლობა შევასრულო. ყველა, ვისაც მორალური ტვირთი ნიკა მელიაზე გადააქვს, რომ თითქოს ამნისტიაზე მას რაიმე მორალური პასუხისმგებლობა აქვს, ვფიქრობ, ამორალურ ქმედებას ჩადის. მე რომ ციხეში ვიყო, ალბათ, მეც იგივე განცხადებას გავაკეთებდი. მე რომ ვარ გარეთ თავისუფლებაზე, ვიცი, რას ნიშნავს პოლიტპატიმრებისგან ქვეყნის გათავისუფლება. აი, ამ საქმისთვის მზად ვარ, რომ ამნისტიის კანონი დავაინიცირო და ამ პროცესში მონაწილეობა მივიღო“,-განაცხადა ვაშაძემ.
მისი განმარტებით, შეთანხმება ყველა მხარის მიერ აუცილებლად უნდა შესრულდეს.
„ამნისტია, გირაოსთან ერთად მოთხოვნილი იყო ევროკავშირის და აშშ-ის მიერ იმისთვის, რომ საბოლოოდ დახურულიყო ნიკა მელიას საქმე. გირაო მელიას საქმეს საბოლოოდ არ ხურავს. ამიტომ, ჩვენ ამნისტიის მიღებაზე პასუხისმგებლობა ავიღეთ. თუ მხარეები, ევროკავშირი და „ქართული ოცნება“ დაეთანხმება, რომ მხოლოდ გირაო იყოს გადახდილი და არ იყოს ამნისტირება, (მთავარია, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები თუ ამას დათანხმდებიან, რადგან შეთანხმება უკვე ხელმოწერილია) მაშინ კი ბატონო, მზად ვართ, მაგრამ ჩვენ შეთანხმების დარღვევას არ ვაპირებთ. შეთანხმება ყველა მხარის მიერ აუცილებლად უნდა შესრულდეს“, - განაცხადა ვაშაძემ.
მან ხვალ პარლამენტში მისვლის მთავარი მიზეზი განმარტა და აღნიშნა, რომ სწორედ ხვალ „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას გათავისუფლებას ელის.
„ხვალ პარლამენტში ჩვენი მისვლის მთავარი მიზანი არის ის, რომ ჩვენს რეგისტრაციაზე არის დამოკიდებული გიორგი რურუას გათავისუფლება. შესაბამისად, მნიშვნელოვანად მიმაჩნია, რომ ხვალ მივიდეთ, ღილაკს ხელი დავაჭიროთ, პარლამენტში დავრეგისტრირდეთ და ამით დავაფიქსიროთ, რომ ჩვენი ვალდებულება შევასრულეთ. ხვალვე ველოდებით გიორგი რურუას გათავისუფლებას. ეს თვითონ სალომე ზურაბიშვილმა გვითხრა. იმედი მაქვს, რომ ხვალ ერთი პოლიტპატიმრით ნაკლები იქნება. ვფიქრობ, ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი გამარჯვება იქნება“,-განაცხადა ვაშაძემ.