ბექა ლილუაშვილი - პოლიტიკური კინკლაობის დრო უნდა დასრულდეს, ეს არის გუშინდელი დღე

პოლიტიკური კინკლაობის დრო უნდა დასრულდეს, ეს არის გუშინდელი დღე. დღეს საჭიროა საქმიანი დღის წესრიგი, რომელიც ორიენტირებულია სახელმწიფოს ხვალინდელ დღეზე, რიგითი მოქალაქის მომავალზე, - ამის შესახებ უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტარების პირდაპირი პასუხისმგებლობაა, რომ ხალხის პრობლემებზე იმუშაოს.

„ჩვენთვის, თითოეული პარლამენტარისთვის მთავარი პასუხისმგებლობაა გვესმოდეს ხალხის! ჩვენი ყოველდღიური საქმე მივმართოთ მათ საჭიროებებზე. სწორედ ამიტომ მივესალმები ოპოზიციის ნაწილის შემოსვლას პარლამენტში და იმედი მაქვს, რომ მათი ეს ნაბიჯი ემსახურება თითოეულ ადამიანს მათ უკან, მათ მხარდამჭერებს და არ არის მცდელობა რადიკალიზაციის და პოლარიზაციის საპარლამენტო ტრიბუნასთან გადმოტანის. ჩვენი მოქალაქეებისთვის უპირველეს ყოვლისა მთავარია, როგორ გამოვავლენთ ამ პასუხისმგებლობას მათ მიმართ. ეს ადამიანები დღეს წუხან არა პოლიტიკაზე, რასაც ჩვენ დღეს განვიხილავთ, არამედ საკუთარი თავისა და ოჯახის გაჭირვებაზე, სოციალურ პრობლემებზე, გაზრდილ ფასებზე და ჯანმრთელობაზე. ჩვენი პირდაპირი პასუხისმგებლობაა ვხედავდეთ ამას და ვმუშაობდეთ ამ პრობლემების აღმოფხვრაზე.

დღეს არის 27 აპრილი, ეს არის ბოლო თვე, როდესაც ჩვენი მოქალაქეები აიღებენ 200 ლარიან კომპენსაციას სამსახურის დაკარგვის სანაცვლოდ და ეს არ არის 15 000 ადამიანი, ეს არის ასობით ათასი საქართველოს მოქალაქე და ამდენივე ოჯახი მათ უკან. კომუნალურების სუბსიდირება დასრულდა, ვაქცინაცია გეგმის მიხედვით არ მიმდინარეობს, ვხედავთ როგორია კოვიდის სტატისტიკა, წინ გვაქვს დღესასწაულებთან დაკავშირებული უქმეები - მეტი გაჭირვება, მეტი პრობლემები ჩვენი მოქალაქეებისთვის. რას ვეუბნებით ამ ადამიანებს? ამ ადამიანებისთვის სრულიად უმნიშვნელოა პარლამენტის თავმჯდომარის მოხსნა/დანიშვნისთვის გაჟღერებული რაღაც გაუგებარი ახსნა-განმარტებები.

მე მინდა მოვუწოდო საქართველოს მთავრობას, მეტად დაინტერესდეს ამ პრობლემებით. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს მხარდაჭერის ღონისძიებები არ იყო საკმარისი, მაგრამ ეს იყო შეზღუდული რესურსების პირობებში სახელმწიფოს მხრიდან მზრუნველობა მოქალაქეებზე, ხალხზე. მათთან კავშირი და მათი მინიმალური თანადგომა ამ მძიმე პერიოდში. მომდევნო თვიდან ეს მზრუნველობაც გაქრება და ადამიანები დარჩებიან სრულიად მარტო გაჭირვებასთან. დღეს ვერც მე, ვერც ჩემი გუნდის სხვა წევრები, და პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეები ვერ ვხედავთ რას გეგმავს ხელისუფლება გაჭირვებასთან მარტო დატოვებული ხალხის მხარდასაჭერად.

პოლიტიკური კინკლაობის დრო უნდა დასრულდეს, ეს არის გუშინდელი დღე. დღეს საჭიროა საქმიანი დღის წესრიგი, რომელიც ორიენტირებულია სახელმწიფოს ხვალინდელ დღეზე, რიგითი მოქალაქის მომავალზე - ეს არის ჩვენი გუნდის მთავარი თანმიმდევრული გეგმა - დასაქმების, მედიკამენტების გაზრდილი ფასების, პოსტ-პანდემიური სოციალური მხარდაჭერისთვის, ინვესტიციების ხელშეწყობისთვის, ეკონომიკის აღდგენის გეგმა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ვალდებულებაა ვიზრუნოთ ადამიანებზე, როცა ეს მათ სჭირდებათ და არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ გვჭირდება მათი თანადგომა არჩევნების წინ“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა