ანა ნაცვლიშვილი - მთავარი ამოცანაა, სახელმწიფო ინსტიტუტები და უმთავრესად პარლამენტი გადაიქცეს მოქალაქეების ნების ამსახველ, მათი ინტერესების დამცველ, მთავარ მოკავშირედ

მთავარი ამოცანაა, სახელმწიფო ინსტიტუტები და უმთავრესად პარლამენტი გადაიქცეს საქართველოს მოქალაქეების ნების ამსახველ, მათი ინტერესების დამცველ, მთავარ მოკავშირედ და პარტნიორად,- ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ნაცვლიშვილმა განმარტა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური გზა, ტოტალიტარული მენტალობის გვერდზე გადადებით უნდა დაიწყოს.

„ჩემთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და პატივია, რომ დღეს პირველად ამ ტრიბუნიდან მივმართო საქართველოს მოქალაქეებს და ვუთხრა მათ მადლობა. მადლობა მოთმინებისთვის, მხარდაჭერისთვის ნდობისთვის, განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა. მადლობა, მათ ყოველდღიური, მუხლჩაუხრელი, შეუმჩნეველი შრომისთვის, რასაც ისინი ამ სახელმწიფოსთვის ეწევიან. თუ რამეზე დგას სახელმწიფო ეს არის სწორედ, ჩვენი მოქალაქეების, ხშირად ძალიან უსამართლო, გარემოში შრომა და ბრძოლა. განსაკუთრებით მინდა მივესალმო ჩვენს ემიგრანტებს, მსოფლიოს რომელ კუთხეშიც არ უნდა იყოთ და ატარებდეთ საქართველოს სახელმწიფოს იდეას. ასევე განსაკუთრებით მინდა მივესალმო ე.წ. საზღვრისპირა და ე.წ საზღვრის მეორე მხარეს მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. მთავარი ამოცანა და გამოწვევა, დღეს არის ის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები და უმთავრესად პარლამენტი გადავაქციოთ საქართველოს მოქალაქეების ნების ამსახველ, სამართლიანად ამსახველ და მათი ინტერესების დამცველ მთავარ მოკავშირედ და პარტნიორად, დღეს ასე არ არის. ასევე, მინდა მადლობა ვუთხრა პრეზიდენტ მიშელს, ევროკავშირს, აშშ-ს და ჩვენს ერთგულ და გონიერ სტრატეგიულ პარტნიორებს, რომლებმაც გასწიეს ამ წლების განმავლობაში განსაკუთრებული ძალისხმევა, რომ საქართველო როგორც სახელმწიფო შეუქცევადად დადგეს ევროატლანტიკური განვითარების გზაზე. ბოლო თვეებში, მათი მხრიდან გამოჩენილი ძალისხმევა განსაკუთრებით დასაფასებელია მიმდინარე კრიზისში.

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური გზა უნდა დაიწყოს, ტოტალიტარული მენტალობის გვერდზე გადადებით, ან ყველაფერი ან არაფერი, სახელმწიფოში ასე არ ხდება. ისტორიულ შეთანხმებაზე ხელმოწერით ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია კომპრომისი, როდესაც ეს არის სახელმწიფოსთვის აუცილებელი იმისთვის, რომ მთელი ძალისხმევა და ენერგია მივმართოთ, იმ მიმართულებით სადაც არ შეიძლება კომპრომისი. ეს არის გამოწვევები რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას: ოკუპაცია, მიტაცებული სახელმწიფო, სიღარიბე, განუვითარებლობა, უსამართლობა, უიმედობა და უთანასწორობა“,-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, თუ ქვეყნაში სამართალი არ იქნება, ვერ იქნება მშვიდობა.

„მე როგორც ქალმა და როგორც დედამ ზუსტად ვიცი, რომ ადამიანს დაბადებას და მოქალაქედ ჩამოყალიბებას სჭირდება დიდი პროცესი, ეს ერთბაშად არ ხდება, ეს არის რთული, ზოგჯერ მტკივნეული, მაგრამ აუცილებლად გასავლელი გზა. თუ ჩვენ, საკუთარ სახელმწიფოს მოვეპყრობით, როგორც დედა ეპყრობა საკუთარ შვილებს და არა როგორც დედინაცვალი, მაშინ ჩვენ შევძლებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო გავიდეს სამშვიდობოს“,-აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა