FAO - საქართველოში, 2024 წლიდან, სანერგე მეურნეობებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულო გახდება, რათა მათი წარმოებული პროდუქცია ბაზარზე გაიყიდოს

საქართველოში, 2024 წლიდან, სანერგე მეურნეობებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულო გახდება, რათა მათი წარმოებული პროდუქცია ბაზარზე გაიყიდოს. ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ავრცელებს.

მათივე ცნობით, გადაწყვეტილება მთავრობის მიერ იქნა მიღებული.

„საკანონმდებლო მოთხოვნებისა და სისტემის შემუშავება ხორციელდება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციიის (FAO) მიერ, ევროკავშირის მიერ ინიცირებული და დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდას ითვალისწინებს. ახალი კანონი ნერგების ბაზარზე გატანასთან დაკავშირებულ საკითხებს დაარეგულირებს, მცენარეთა სიჯანსაღისადმი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულო იქნება ყველა სანერგე მეურნეობისთვის, განურჩევლად სიდიდისა და წარმოებული ნერგების რაოდენობისა. ამის პარალელურად, სანერგე მეურნეობებს საშუალება ექნებათ გაიარონ სერთიფიცირება როგორც სარგავი, ისე გასამრავლებელი მასალებისთვის, თუმცა ნერგების სერტიფიცირება ნებაყოფლობითი დარჩება”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ზემოხსენებული საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო სისტემები გამომდინარეობს ევროპის მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO)-ს მოთხოვნებიდან და დაფუძნებულია CAC (Conformitas Agraria Communitatis) სისტემაზე.

„CAC სტანდარტი განსაზღვრავს ხეხილის ბაღების მაღალი ხარისხისა და ფიტოსანიტარულად ჯანსაღი სარგავი მასალით უზრუნველყოფის მექანიზმებს. შესაბამისად, აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი სტანდარტის დანერგვა შედის არა მხოლოდ სანერგე მეურნეობების, არამედ მებაღე ფერმერების ინტერესებშიც.

საქართველოში მებაღეობის, მევენახეობის და მეხილეობის დარგები დამოკიდებულნი არიან სანერგე სექტორის მიერ ყოველწლიურად მიწოდებულ მილიონობით ნერგზე.

ამჟამად, სექტორი ნერგებთან დაკავშირებულ ისეთ პრობლემებს აწყდება, როგორიც არის: ჯიშობრივი სიწმინდე, არასათანდო შეფუთვა და მარკირება, ინფორმაციის/ გამჭვირვალობის ნაკლებობა, ნერგების ვირუსებით და მავნებლებით დაბინძურება და სხვა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, აღნიშნული კანონი უზრუნველყოფს ბაზარზე ხარისხის სტანდარტების გაზრდას და ევროკავშირთან სავაჭრო კავშირების გაფართოებას, ქართული საკანონმდებლო ბაზის ევროპულთან დაახლოებას.

“ხსენებული პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, FAO-ს და ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, რომელიც EU4Business ინიციატივის ქვეშ ხორციელდება, 2020 წლის დეკემბერში დაფუძნდა „საქართველოს თესლის მწარმოებლების და სანერგე მეურნეობების ასოციაცია“, რომელიც ქვეყნის მასშტაბით თესლისა და ნერგების მწარმოებლებს აერთიანებს.

სოფლის მეურნეობის სექტორის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ადგილობრივი სათესლე და სანერგე მასალების დაბალი ხარისხია, რაც განპირობებულია სერტიფიცირებული წარმოების არარსებობით. აღნიშნული მიზეზის გამო, ბევრი ფერმერი იმპორტირებულ ნერგებსა და ჩითილებს იყენებს, მიუხედავად იმისა, რომ მათი ფასი თითქმის ორჯერ უფრო მაღალია, ადგილობრივი მწარმოებლების მიერ შეთავაზებულ ფასთან შედარებით. ასოციაციის წევრები ქართული სათესლე და სანერგე მასალების მწარმოებლები არიან, რომელთა დღის წესრიგში ზემოთ ხსენებული პრობლემის მოგვარებაა. ასოციაცია კერძო სანერგე მეურნეობებს და სათესლე მასალების მწარმოებლებს დაეხმარება წარმოების ხარისხის დახვეწაში. ამასთან, ასოციაცია ხელს შეუწყობს შიდადარგობრივ თანამშრომლობას და დაიცავს მწარმოებელთა ინტერესებს სახელმწიფო ინსტიტუტების დონეზე”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ასოციაციის მთავარი მიზანია, სანერგე მეურნეობებში საწარმოო სტანდარტების დანერგვა და ფერმერებისთვის ხარისხიანი, მაღალპროდუქტიული, ამოსაცნობი ჯიშების მიწოდება, რათა გაიზარდოს მოსავლიანობა და შემცირდეს საწარმოო ხარჯები.

„ასოციაცია ხელს შეუწყობს ყველა წევრ სანერგე მეურნეობას, რათა, რაც შეიძლება მალე შეუსაბამონ თავიანთი საქმიანობა საკვალიფიკაციო სტანდარტებს.

ასოციაციაში გაწევრიანებულნი არიან სანერგე მეურნეობები, რომლებსაც აქვთ სტანდარტების დაკმაყოფილების პერსპექტივა ისეთი სექტორებიდან, როგორიცაა კურკოვანი კულტურები, ვაშლი, მსხალი, კაკლოვნები, ყურძენი, კენკროვნები და სხვა.

ასოციაცია ასევე ითვისებს კლასტერის მმართველი ორგანოს ფუნქციას, რაც იმას ნიშნავს, რომ თანამშრომლობა სცდება ღირებულებათა ჯაჭვის ერთ რომელიმე კონკრეტულ რგოლს და მოიცავს დამხმარე სექტორებსაც, სადაც შედიან ორგანიზაციები, რომლებსაც სოფლის მეურნეობის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეაქვთ.

ასოციაცია არის ღია და დემოკრატიული, სადაც უმაღლეს მმართველობის ორგანოს წარმოადგენს წევრთა საერთო კრება, ხოლო ნებისმიერ დაინტერესებულ სანერგე თუ სათესლე მეურნეობის წარმომადგენელს, რომელიც ჯერ არ არის წევრი, შევსებული განაცხადის წარდგენის, დირექტორთა საბჭოზე განხილვისა და დამტკიცების საფუძველზე შეუძლია მოითხოვოს ასოციაციის წევრობა”, - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ცნობით, ასოციაცია ემზადება საერთაშორისო თესლის მწარმოებელთა ფედერაციის (ISF) წევრობისთვის, რაც გზას გაუხსნის მის წევრებს ითანამშრომლონ და ინფორმაცია გაცვალონ პარტნიორებთან, პოტენციურ მყიდველებთან, მომწოდებლებთან და საერთაშორისო დონეზე დაინტერესებულ პირებთან.

ამასთან, ზემოხსენებული საკანონმდებლო ინიციატივა, ისევე როგორც მთლიანად პროექტი, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში მებაღეობის და მეხილეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო