მამუკა ხაზარაძე - ნიშნის მოგებით არ გეუბნებით, ეს ქვეყანა ასე ვერ განვითარდება, მეგობრებო - სადღეგრძელოები და გამოსვლები, რაც აქ დღეს მოვისმინე, რომ „ყველაფერი კარგად არის“, დამთავრდება დიდი კრახით

ნიშნის მოგებით არ გეუბნებით, ეს ქვეყანა ასე ვერ განვითარდება, მეგობრებო. ეს სადღეგრძელოები და გამოსვლები, რაც აქ დღეს მოვისმინე, რომ „ყველაფერი კარგად არის“, დამთავრდება დიდი კრახით, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბოიკოტის პირობებში 6 თვე დასჭირდა შეთანხმების მიღწევას, ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორიც არის საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება, სასამართლოს რეფორმა. ასევე, დასჭირდა ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების ჩართულობა, დასჭირდა 6 თვე, როდესაც „ქართულ ოცნებას“ ამისთვის 8 წელი ჰქონდა.

„დღეს, არ ვაპირებდი გამოსვლას. ვიფიქრე, მაინც პირველი დღეა და ცოტა შევეგუები, გავიგებ, საერთოდ რა ხდება პარლამენტში. 30 წლის შემდეგ პირველად ვარ, როდესაც დაქირავებული ვარ ქართველი ხალხის, ამომრჩევლის მიერ და მხოლოდ ამიტომ ვარ აქ, თქვენთან. ამ 8 წლის განმავლობაში ქვეყანა მოექცა ჩაკეტილ წრეში, საიდანაც გამოსავალი არ ჩანს, თუ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდება. ამ პროცესში ყველაზე მთავარი - ადამიანი იქნა დავიწყებული. ადამიანი, რომლისთვისაც უნდა მუშაობდეს პარლამენტიც, მთავრობაც. რამდენიმე ფაქტს გეტყვით იმისათვის, რომ უფრო ნათელი იყოს, სად ვართ და სად ვიყავით 8 წლის წინ. 2012 წელს ჩვენი შიდა პროდუქტი იყო 16,5 მილიარდი, 2020 წელს ჩვენი შიდა პროდუქტი არის 15,9 მილიარდი. პირდაპირი ინვესტიციები ისტორიულ მინიმუმზეა, ბოლო 8 წელიწადში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 100%-ით გაუფასურდა, ისტორიულ მაქსიმუმზეა სოციალური დახმარებების რაოდენობა იმ ადამიანებისა, ვისაც სახელმწიფო ეხმარება. ისტორიულ მაქსიმუმზეა ქვეყნიდან გასული ადამიანების რაოდენობა, ისტორიულ მაქსიმუმზეა უმუშევრობა. ბედნიერების ინდექსში თითქმის ბოლო ადგილზე ვართ. ამ პერიოდში თქვენ 6 პრემიერი გამოცვალეთ და არცერთმა პრემიერმა არ გააგრძელა წინა პრემიერის მიერ დაწყებული თუნდაც რაღაც იდეა და პროექტი, იმიტომ, რომ არ არსებობს ქვეყნის განვითარების სტრატეგიული პროექტი. ამ ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური რევოლუცია, სულ რევოლუციაზე მიდის საუბარი.

მოდის არჩევნები. ასფალტასაც ვერ აგებთ წესიერად. ქვეყანა ჩაფლულია ნეპოტიზმის და კორუფციის ჭაობში. ბიზნესი ტენდერების საშუალებით გარიგებაშია შესული. აი, ამაში ვართ დღეს. ახლა, მე მოვისმინე ახალგამოყოფილი ოპოზიციონერების პოზიციები და ისე გსაყვედურობენ, („ქართულ ოცნებას“) თითქოს, ერთი თვის წინ თვითონ არ იყვნენ ამ ქვეყნის მმართველები. თუ ამ ტყუილს თავი არ დავანებეთ, არაფერი გამოგვივა. ნიშნის მოგებით არ გეუბნებით, ეს ქვეყანა ასე ვერ განვითარდება, მეგობრებო. ეს სადღეგრძელოები და გამოსვლები, რაც აქ დღეს მოვისმინე, რომ „ყველაფერი კარგად არის“, დამთავრდება დიდი კრახით“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო