ნინო ბურჯანაძე - ოპოზიცია მყარად რომ ყოფილიყო, არ ენარნარათ სიოს მიხვრა-მოხვრით, ახლა ვადამდელი არჩევნებიც გვექნებოდა მოპოვებული - სამადაშვილი აქტიურად მუშაობდა კულუარებში, პირდაპირ უღალატა პარტიის პოზიციას

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძის განცხადებით, შეთანხმების დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების შესვლა პარლამენტში არ ღირდა, თუნდაც ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლებისათვის, ვინაიდან, „ეს ადამიანები გარეთ მაინც გამოვიდოდნენ, თუ ოპოზიცია იქნებოდა პრინციპული“. ამის შესახებ ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

„ადამიანურად, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გიორგი გარეთ გამოვიდა, ვულოცავ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნიკა მელიაც, რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეს, მაგრამ ჩვენ რა, ახლა იმას ვეგუებით, რომ ადამიანს იარაღი ჩაუდეს, წელიწადნახევარი ციხეში იჯდა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია და ბედნიერები ვართ, რომ გადმოგვიგდეს მოწყალება და გამოუშვეს?! ის რომ გათავისუფლდა კარგია, მაგრამ დაფდაფები იმაზე, რომ ადამიანი გათავისუფლდა ივანიშვილის გადმოგდებული მოწყალებით, მაშინ, როცა ის წელიწადნახევარი ტყუილად იჯდა იმ დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენია, მეორე თემაა.

პირდაპირ გეუბნებით, რომ აუცილებლად გამოვიდოდნენ გარეთ რურუა და ნიკა მელია. შეიძლება ერთი ან ორი კვირის შემდეგ, ოპოზიციას რომ უფრო მეტი პრინციპულობა შეენარჩუნებინა.

მე მახსოვს, ბოიკოტთან დაკავშირებითაც ძალიან სერიოზული კითხვის ნიშნები იყო. ბოიკოტი რომ არ ყოფილიყო, რურუა ახლაც ციხეში იქნებოდა, პირდაპირ შემიძლია გითხრათ. ოპოზიცია რომ მყარად ყოფილიყო, არ ეთამაშათ და არ ენარნარათ სიოს მიხვრა-მოხვრით ჩვენ ახლა, ეს ადამიანები გათავისუფლებული გვეყოლებოდა და ვადამდელი არჩევნებიც გვექნებოდა მოპოვებული. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა პარლამენტში უნდა შესულიყო ოპოზიცია“, - აცხადებს ბურჯანაძე.

ამასთან, როგორც ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა „ნაციონალური მოძრაობა“ დანარჩენმა ოპოზიციამ, პირველ რიგში კი, იმან ვინც მათი სახელით ლაპარაკობდა მოლაპარაკების პროცესში.

ბურჯანაძის თქმით, ეს ადამიანი არის სალომე სამადაშვილი, რომელმაც „პირდაპირ უღალატა“.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებებში „ნაციონალური მოძრაობიდან“ მონაწილეობდა აკაკი მინაშვილი, „მოლაპარაკების მთავარი ნაწილი სალომე სამადაშვილს მიჰყავდა და ამავდროულად ძალიან აქტიურად მუშაობდა კულუარებში“.

„მან პირდაპირ უღალატა პარტიის პოზიციას და მერე, მინაშვილი იქ იმიტომ გაჩნდა, რომ დაებალანსებინა ის პოზიცია, რაც ქალბატონ სალომეს ჰქონდა“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მის თქმით, სალომე სამადაშვილი კულუარებში ელაპარაკებოდა ყველას „მათ შორის ევროპელებსაც“.

„ქართული ოცნება“ არ ვიცი, მაგრამ „ევროპელებს“ ეუბნებოდა, რომ აი, ჩვენ ახლა წამოვალთ ამ მოლაპარაკებებზე. როდესაც შენ მომლაპარაკებელს წინასწარ ეუბნები, რომ შუა გზაზე მზად ხარ დათანხმდე, რა თქმა უნდა, ის მომლაპარაკებელი აღარ მოდის უფრო შორს“, - აცხადებს ბურჯანაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო