დავით ზურაბიშვილი - 16 მსჯავრდებული მომიტინგის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება ახლა, ბევრად აღემატება თავისი საზოგადოებრივი სიკეთით იმ 3 პოლიციელის სავარაუდო დასჯას ოდესღაც

16 მსჯავრდებული მომიტინგის გათავისუფლება პასუხისმგებლობისგან აქ და ახლა, ბევრად აღემატება თავისი საზოგადოებრივი სიკეთით იმ სამი პოლიციელის სავარაუდო დასჯას ოდესღაც, გაურკვეველ მომავალში, როცა ეს ხელისუფლება შეიცვლება, - ამის შესახებ ექსპერტმა დავით ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, გაუგებარია ოპოზიციის ნაწილის დამოკიდებულება ამნისტიის შესახებ კანონთან დაკავშირებით. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის ნაწილი ისე იქცევა, თითქოს ქვეყანაში ხელისუფლება შეცვლილია და სასამართლო დამოუკიდებელია, „ეს პოლიციელები გასასამართლებლად მიჰყავდათ და დოკუმენტზე ხელმომწერმა ოპოზიციონერებმა ეს პროცესი ჩაშალეს“.

„მე საერთოდ არ მესმის, რატომ ატყდა ამხელა ამბავი ამნისტიაზე ოპოზიციის მხრიდან. მე მესმის წმინდა ადამიანურად, კონკრეტული დაზარალებულების, ეს ადამიანური ბუნებაა, მე რომ თვალი ამომთხარეს, თუ პოტენციურად მაინც არის იმის საფრთხე, რომ ჩემი დამზარალებელი გაექცეს მართლმსაჯულებას, მე არ მაინტერესებს პოლიტიკური შეთანხმება, მაგრამ, მეორე მხრივ, არავინ არ იცის რეალურად ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, შესაძლებელი იქნება თუ არა პასუხისგებაში მიცემა.

შთაბეჭდილება რჩება ზოგჯერ, რომ თითქოს ეს 20 ივნისის ყველა დამნაშავე ჰყავთ დაპატიმრებული უკვე, სასამართლო უკვე არის დამოუკიდებელი, ხელისუფლება შეცვლილია, ბიძინა აღარ არის, ამათ მიჰყავთ უკვე ესენი სასამართლოზე და ხელმომწერები შეუცვივდნენ და უცებ გაუშვეს ესენი სახლში.

დაზარალებულებთან უნდა ყოფილიყო უფრო კომუნიკაცია და აეხსნათ. შეიძლება ვერც აეხსნათ და არც დაეჯერებინა იმ ადამიანს, ესეც გასაგები იქნებოდა, მაგრამ გადაწყვეტილებას პოლიტიკოსები რომ იღებდნენ ასე, რაც დაზარალებულს უნდა ის გავაკეთოთო, მე ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ სიკვდილით დასჯა ევროპაში არ გაუქმდებოდა და არც მსოფლიოში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ გვყავს 16 მსჯავრდებული მომიტინგე. 16 მსჯავრდებული მომიტინგის გათავისუფლება პასუხისმგებლობისგან აქ და ახლა, სხვა რომ არაფერი არ იყოს, ბევრად უფრო აღემატება თავისი საზოგადოებრივი სიკეთით იმ სამი პოლიციელის სავარაუდო დასჯას ოდესღაც, გაურკვეველ მომავალში, როცა ეს ხელისუფლება შეიცვლება,“- განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, მელიამ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარმოიდგინეს, რომ დიდი ტალღის თავში არიან მოქცეულები, თუმცა ეს ტალღა არ არსებობს.

„მგონია, „ნაციონალური მოძრაობაც“ და „ევროპული საქართველოც“ რაღაცნაირად 6 თვე რომ ბოიკოტის კამპანიაში იყვნენ და რადიკალურად განწყობილი ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც მათ აგულიანებდნენ: მიდით, სწორია, პარლამენტში ვინც შევა მოღალატეა! - რაღაცნაირად ამ განწყობას დაჰყვნენ. მელიამაც და „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ წარმოიდგინა, რომ რაღაც ძალიან დიდ ტალღაზეა თავში მოქცეული და რეალურად ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ არანაირი მასობრივი გამოსვლები არ გამოდის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

იხილეთ ვიდეო:

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა