ეკატერინე ტიკარაძე - პენსიის მიბმა მშპ-სთან და ინფლაციასთან, უდიდესი მიღწევაა

„2021 წელს ახალი საცხოვრებელი 3000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა“, -ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოსმენისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამინისტრომ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის ცვლილება განახორციელა.

„ჩვენ გვაქვს მყარი მიზანი, დავხუროთ ყველა მესამე და მეოთხე ხარისხის ნგრევადი ობიექტი და იქ მცხოვრები დევნილები განვასახლოთ უსაფრთხო პირობებში. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე სრულად დავხურეთ ნგრევადი ობიექტები სამეგრელოს და იმერეთის რეგიონებში. სამინისტრო ასევე ზრუნავს ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. 2021 წელს, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 200-ზე მეტი ოჯახი უსაფრთხო გარემოში განსახლდება.

გარდა საცხოვრებლით უზრუნველყოფისა, ჩვენი ამოცანაა დევნილებს დავეხმაროთ სოციალურ ინტეგრაციაში, დასაქმებასა და ეკონომიკურ გაძლიერებაში. დასაქმების, პროფესიული განათლების, სასოფლო-სამეურნეო და სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით 350 იძულებით გადაადგილებული პირი დაფინანსდება.

2020 წლიდან, სააგენტო სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრეაციის დახმარების სახელმწიფო პროგრამას ახორციელებს. 2021 წელს, შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით სამშობლოში დაბრუნებულ 200-მდე მიგრანტს გადაეცემა გრანტი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამასთან, როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, სამინისტრომ სოციალურად დაუცველი ოჯახების შეფასების მეთოდოლოგიის და ადმინისტრირების წესის ცვლილებაზე მუშაობა დაიწყო.

მისივე თქმით, ცვლილების მიზანია, პროგრამამ უკეთ გამოავლინოს მოწყვლადი და სიღარიბის ზღვარზე მყოფი პირები.

„სტატუსის მინიჭების პროცესი უნდა გახდეს მეტად გამჭვირვალე და ობიექტური, რათა დახმარება მიიღონ რეალური საჭიროების მქონე ადამიანებმა და არავინ დარჩეს სახელმწიფოს მხარდაჭერის მიღმა. ადმინისტრირების ნაწილში ჩვენი მიზანია მაქსიმალურად შევამციროთ განცხადების დაწერიდან დახმარების გაცემამდე პერიოდი, რათა ოჯახების საჭიროებებზე მოვახდინოთ მყისიერი რეაგირება. გაუმჯობესებული ადმინისტრირების მიზნით, მიმდინარეობს სოციალურად დაუცველი ოჯახების შეფასების პროცესის დიჯიტალიზაცია. სპეციალური ტექნიკით აღჭურვილი სოციალური აგენტების მიერ, ინფორმაცია აღირიცხება ელექტრონულად. მიდგომა ითვალისწინებს შეფასების ფორმის გაუმჯობესებულ ადმინისტრირებას და ოჯახში არსებული გარემოს ვიზუალური მასალების წარმოებას. აღნიშნული ხელს შეუწყობს შეფასების მეტ ობიექტურობას და გამჭვირვალობას.

იმის გათვალისწინებით, რომ სოციალური დახმარების მიმღებთა 45 % შრომისუნარიანი პირია, ჩვენს მიზანს წარმოადგენს აღნიშნული პირებისთვის არა გრძელვადიანი შემწეობის დანიშვნა, არამედ დასაქმების რეალური შესაძლებლობის შეთავაზება და მათი ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვა.

აქვე, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო პენსიის ინდექსაციის საკითხი. პენსიის მიბმა მშპ-სთან და ინფლაციასთან, არის უდიდესი მიღწევა, რომელიც პენსიის მიმღებთა მეტ ფინანსურ დაცულობას უზრუნველყოფს. ინდექსაციის შედეგად წელს პირველად გაიცემა გაზრდილი ოდენობის პენსია“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს