გია გაჩეჩილაძე და ვატო შაქარიშვილი სასამართლო პროცესზე ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე ბრალდებული 3 პირის თავდებობის შუამდგომლობას დააყენებენ

გია გაჩეჩილაძე (უცნობი) და ვატო შაქარიშვილი ადვოკატებთან ერთად ხვალინდელ სასამართლო პროცესზე ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე ბრალდებული სამი პირის

- სულიკო საყევარაშვილის, გიორგი სახელაშვილის და ვაჟა გიგაურის თავდებობის შუამდგომლობას დააყენებენ.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თავდებობის ელექტრონული დოკუმენტი სამი დღის წინ გამოქვეყნდა და 2000 ადამიანი შეუერთდა.

,,საზოგადოება გაერთიანდა პოლიტ-მედია პატიმრების დასაცავად. მხოლოდ სამი დღის წინ გამოქვეყნდა თავდებობის ელექტრონული დოკუმენტი და უკვე 2000 ადამიანი შემოუერთდა. ეს არის დიდი ბრძოლის მნიშვნელოვანი ეპიზოდი, ეს ბიჭები უნდა დავიცვათ პოლიტ-მედია ტერორისგან. მაშინ, როდესაც საყოველთაოდ ცნობილი დამნაშავეები, პარლამენტის შტურმის ავტორები, კრიმინალები და „ზონდერები“ პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან, ახალგაზრდა ბიჭები სასამართლო განაჩენამდე, უდანაშაულობის პრეზუმფციის სრული დარღვევით მოძალადეებად გამოცხადნენ და მათ გირაოზეც კი უარი ეთქვათ, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ საქმე გვაქვს მართლმსაჯულების მახინჯ სისტემასთან, რომელიც ექვემდებარება პოლიტ-მედია ბულინგს. ამ ყველაფერმა გააერთიანა საზოგადოება და აქ არის 2000 ხელმოწერა, ჩვენ ხელმოწერებით მივალთ ხვალ სასამართლო პროცესზე და ადვოკატები დააყენებენ თავდებობის შუამდგომლობას. იმედი გვაქვს, გათვალისწინებული იქნება სასამართლოსთან მისული საზოგადოების და აქ ხელმომწერი ათასობით ადამიანის პოზიცია და სასამართლოს საბოლოო განაჩენამდე ბიჭები გათავისუფლდებიან, საბოლოოდ კი სიმართლე გაიმარჯვებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლო ხვალ ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე ბრალდებული სამი პირის - სულიკო საყევარაშვილის, გიორგი სახელაშვილის და ვაჟა გიგაურისთვის შეფარდებულ აღკვეთ ღონისძიებას - პატიმრობას გადასინჯავს.

სამართალდამცავებმა სამივე პირი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს