ბადრი ჯაფარიძე - ჩვენ დავარეგისტრირებთ ალტერნატიულ კანონპროექტს ამნისტიის შესახებ, რომელიც გულისხმობს ისეთ ჩამკეტებს, როგორიც არის დაზარალებულის თანხმობა

ჩვენ შევიტანთ და დავარეგისტრირებთ ალტერნატიულ კანონპროექტს ამნისტიის შესახებ, რომელიც გულისხმობს ისეთ ჩამკეტებს, როგორიც არის დაზარალებულის თანხმობა,- ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე განმარტებით, მათი კანონპროექტის თანახმად, ამნისტია არ შეეხებათ იმ პირებს, რომლების დამნაშავეები არიან მომიტინგეებისთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში და არც პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, რომლებმაც ბრძანება გასცეს.

„ამნისტიის კანონი გავრცელდება კონკრეტულ მუხლებზე, ის გამორიცხავს იმას, რომ ადამიანები, რომლებიც შესაძლოა, დამნაშავენი იყვნენ ჩვენი თანამოქალაქეებისა და მომიტინგეებისთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენებაში, ან ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ პოლიტიკური თანამდებობის პირებს და გასცეს უკანონო ბრძანება, მათზე არც ერთ შემთხვევაში არ გავრცელდება ამნისტიის კანონი“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციონერმა კოლეგებმა გაიზიარეს მათი ინიციატივა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ. ჯაფარიძის განმარტებით, ამ ფონზე, ყველაზე ლოგიკური იქნება, ნიკა მელია საპატიმროდან ევროკავშირის გირაოს მექანიზმით გამოვიდეს და „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევიდეს, რათა საგამოძიებო კომისიის შექმნა შესაძლებელი გახდეს.

„რაც შეეხება საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას, ჩვენმა პარტნიორებმა გაიზიარეს ეს ინიციატივა, იმიტომ, რომ ეს იძლევა იმის საშუალებას, ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. ამისთვის აუცილებელი იქნება შემოვიდეს პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომ შეივსოს და გავხდეთ 50 დეპუტატი, რომ შევძლოთ საგამოძიებო კომისიის ჩამოყალიბება. ამიტომ ჩვენ ახლა ვაკეთებთ ინიცირებას კანონპროექტის, ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია საგამოძიებო კომისიის შექმნა და გამოვიკვლიოთ ზედმიწევნით 19-21 ივნისის მოვლენები, რომ არ არსებობდეს არანაირი კითხვის ნიშანი ამასთან დაკავშირებით. პარალელურად გაგრძელდება ამნისტიის შესახებ კანონის განხილვა. ვფიქრობთ, რომ ახლა ყველაზე სწორი და კარგი იქნება ნიკა მელია გამოვიდეს ევროკავშირის მიერ უზრუნველყოფილი თავდებობით - გირაოს მექანიზმით და შემოვიდეს „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში,“ - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო