„საქნახშირსა“ და პროფკავშირების გაერთიანებას შორის კოლექტიური ხელშეკრულება გაფორმდა

„საქნახშირსა“ და პროფკავშირების გაერთიანებას შორის კოლექტიური ხელშეკრულება გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქნახშირი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეთანხმების მიზანია დამსაქმებლისა და დასაქმებულების ეფექტიანი, ჰარმონიული თანამშრომლობის უზრუნველყოფა, საწარმოო პროცესებისთვის სტაბილური გარემოს შექმნისა და კომპანიის თანამშრომლების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. კოლექტიური ხელშეკრულების მიხედვით, პროფკავშირს შუამავლის როლი ეკისრება. ერთი მხრივ, ის დაიცავს პროფკავშირის წევრი დასაქმებულების ინტერესებს, ხოლო, მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს დამსაქმებელს პროფკავშირის წევრების მობილიზაციაში საწარმოს წინაშე არსებული ამოცანების წარმატებით გადაწყვეტისთვის.

პროფკავშირი ჩართული იქნება კონსულტაციებში ისეთი ორგანიზაციული და სტრუქტურული ცვლილებებისას, რომლებმაც შესაძლებელია არსებითი გავლენა იქონიოს დასაქმებულთა მდგომარეობაზე. ასევე, დამსაქმებელს ხელს შეუწყობს თანამშრომელთა კვალიფიკაციისა და ცნობიერების ამაღლებაში; უზრუნველყოფს, რომ წევრებმა დაიცვან კოლექტიური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ასეთ შემთხვევაში, თუ კოლექტიური ხელშეკრულება კვარტლის ჭრილში შეუფერხებლად შესრულდება (არ იქნება დარღვეული პროფკავშირის ან მისი წევრების მხრიდან ხელშეკრულება)/

პროფკავშირის წევრი დასაქმებულები ყოველი კვარტლის დასრულების შემდეგ მიიღებენ 50 ლარს გადასახადების გარეშე. ყოველი მომდევნო წლის 1 იანვრიდან კი მოხდება პროფკავშირის წევრი დასაქმებულების ხელფასების ინდექსაცია ინფლაციის გამო, საქსტატის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით. გარდა ამისა, პროფკავშირებთან თანამშრომლობით, კომპანია შეიმუშავებს სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკას. დასაქმებულებისთვის პერიოდულად გაიმართება სპორტულ-გამაჯანსაღებელი, შემეცნებითი და კულტურული ღონისძიებები.

ხელშეკრულება ძალაში 2021 წლის 1 მაისიდან შევა. მას სტაბილური, ჰარმონიული სამუშაო გარემოს შექმნის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც დასაქმებულებისთვის, ისე კომპანიისთვის.

„28 აპრილს, „საქნახშირსა“ და პროფკავშირის წარმომადგენლებს შორის კოლექტიური ხელშეკრულება გაფორმდა. კომპანიის მენეჯმენტი ყოველთვის მზად არის ჯანსაღი, საქმიანი ურთიერთობებისთვის და დასაქმებულებთან ერთად სამუშაო გარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნვისთვის. ამიტომ, „საქნახშირისთვის“ ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია და მოხარული ვარ, რომ მუშაობისა და მოლაპარაკებების შედეგად ხელი მოეწერა კოლექტიურ ხელშეკრულებას. დარწმუნებული ვარ, პროფკავშირების, დასაქმებულებისა და „საქნახშირის“ ურთიერთთანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება. მთავარია, რომ ნაკისრი ვალდებულებები პირნათლად შესრულდეს როგორც კომპანიის მხრიდან, ისე დასაქმებულების მხრიდან“, - განაცხადა „საქნახშირის“ გენერალურმა დირექტორმა ზურაბ აღდგომელაშვილმა.

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე თამაზ დოლაბერიძის ინფორმაციით, კოლექტიური ხელშეკრულების სულისკვეთება ერთი მხრივ მეშახტეთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ხოლო მეორე მხრივ საწარმოს სტაბილურ გარემოში მუშაობას ითვალისწინებს.

„ტყიბულის მეშახტეთა პროფკავშირის არსებობის ისტორიაში, ანუ 2010 წლიდან დღემდე, პირველად მოხერხდა, რომ პროფკავშირს, შრომით კოლექტივსა და კომპანიას შორის ურთიერთობები კოლექტიურ პასუხისმგებლობებს დაექვემდებარება. კოლექტიური ხელშეკრულება, გარდა სოციალური ბენეფიტებისა, სოციალური შეღავათებისა და სამართლებრივი გარანტიებისა, ასევე შეიცავს პროფკავშირის წევრთა პასუხისმგებლობებს, ანუ ეს არის ორმხრივად დაბალანსებული შეთანხმება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს დამსაქმებლისა და დასაქმებულების შრომითი ურთიერთობების ჰარმონიზაცია, ანუ კოლექტიური ხელშეკრულების სულისკვეთება ერთი მხრივ მეშახტეთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ხოლო მეორე მხრივ საწარმოს სტაბილურ გარემოში მუშაობას ითვალისწინებს.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კოლექტიური მოლაპარაკებების მთელ პროცესში კომპანიის ხელმძღვანელები კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმების სურვილსა და მზაობას გამოხატავდნენ, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ამ კომპანიასთან სოციალური დიალოგის ხარისხი მომავალშიც მაღალი იქნება და კომპანიის მიერ ზემოთხსენებული გეგმების წარმატებით განხორციელების შემდეგ, მომავალში გაფორმებული ყველა კოლექტიური ხელშეკრულება, გაცილებით მაღალი ღირებულებისა იქნება. თუმცა, რასაკვირველია, ჩვენ, ყველამ ერთად - პროფკავშირმა, როგორც ორგანიზაციამ და მეშახტეებმა, როგორც შრომითი პროცესების უშუალო მონაწილეებმა, მაქსიმალური წვლილი უნდა შევიტანოთ კომპანიის გეგმების წარმატებით განხორციელებაში,“ - აღნიშნა თამაზ დოლაბერიძემ.

ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2021
რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ბაქოში ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანეს