ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჰოსპიტალური სექტორის სელექტიური კონტრაქტების დაწყება ივნისიდან იგეგმება.
როგორც ტიკარაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას აღნიშნა, თავდაპირველად სელექტიური კონტრაქტები დიდი ქალაქების საავადმყოფოებთან დაიდება.
„ვთვლი, რომ ეს პროცესი ნამდვილად ადრე უნდა დაწყებულიყო. თუმცა, გამომდინარე კოვიდპანდემიიდან, ჩვენ გავთვალისწინეთ ყველა ის საჭიროება, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს გააჩნდათ და არ გვინდოდა გამოგვეწვია გარკვეული რყევა სექტორში. დღესდღეობით პანდემიამც კიდევ უკეთესად გამოკვეთა, რამდენად სწორი იყო ის დაგეგმარება, რომელიც სელერქტიურ კონტრაქტებთან მიმართებაში მიმდინარეობდა. გამოიკვეთა ის საავადმყოფოები, სადაც ჩვენ შეგვიძლია ნამდვილად თამამად გავაგრძელოთ ოპერირება და რომელთაც აქვთ მორალური უფლება გახდნენ სახელმწიფოს პარტნიორები და იზრუნონ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. მუშაობა მიმდინარეობს სექტორთან და ივნისიდან დიდ ქალაქებში დაიწყება სელექტიური კონტრაქტირება. ჩვენ რეგიონებში ამ ეტაპისთვის შევინარჩუნებთ იმ მომწოდებლებს, რომლებიც გვყავს, თუმცა მათი გაძლიერების და საჭიროებების გამოვლენის მიმართულებითაც მიმდინარეობს მუშაობა, რომელიც შედარებით უფრო გვიან ეტაპზე დაიწყებს განხორციელებას“, - განაცხადა ტიკარაძემ.