სუს-ის უფროსი - საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების მიზნით, დეზინფორმაციული ომის კამპანიებს ჰქონდა ადგილი, რათა ისედაც დაძაბული პოლიტიკური გარემოს პოლარიზება და რადიკალიზაცია მომხდარიყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა პარლამენტში 2020 წლის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას დეზინფორმაციის შესახებ ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის დღეს უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.

„ზემოაღნიშნული გამოწვევების გარდა, სხვადასხვა აქტორების მიერ მართული დეზინფორმაციული ომის კამპანიებს ადგილი ჰქონდა საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების მიზნით, რათა მომხდარიყო, ისედაც დაძაბული პოლიტიკური გარემოს პოლარიზება და რადიკალიზაცია. ეს არის ჩვეული მეთოდი, ბოლოდროინდელი პრაქტიკით განმტკიცებული, რუსული სპეცსამსახურების მხრიდან, რაც აქტიურად გამოიყენეს არამარტო საქართველოში, არამედ, ევროპის ბევრ ქვეყანაში და ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზეც“, - აღნიშნა გრიგოლ ლილუაშვილმა.

მისი თქმით, საინფორმაციო ომში ასევე მზარდ ტენდენციად გამოიკვეთა ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიები.

„საინფორმაციო ომში ასევე მზარდ ტენდენციად გამოიკვეთა ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიები, მათ შორის, სხვადასხვა ონლაინაპლიკაციები, რომლის დაფიქსირებაც შევძელით და სადაც ხდება საზოგადოებრივ აზრზე განსაკუთრებული მანიპულაციის განხორციელება. განვაგრძობდით პრევენციული ხასიათის მუშაობას, საინფორმაციო ომის ფარგლებში საქართველოში მოქმედი აქტორების გამოვლენისა და მათი დაფინანსების წყაროების გადაკეტვის კუთხით, რაც მეტწილად, გამოგვივიდა. ასევე, დადგინდა სხვადასხვა აქტორებს შორის ურთიერთკავშირი“,-განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსმა.

როგორც გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა, განსაკუთრებით, მტკივნეული იყო დეზინფორმაციის ის ნაწილი, რომელიც პანდემიის პერიოდში ემსახურებოდა არამარტო ძალოვანი სტრუქტურების, არამედ, ზოგადად, ხელისუფლების და საჯარო უწყებების მიმართ უნდობლობის გაჩენას.

„დეზინფორმაციის სამიზნეს წარმოადგენდა როგორც სამსახურის საქმიანობა, ასევე მისი კონკრეტული თანამშრომლები. ამ მიზნისთვის გარკვეული სუბიექტები აქტიურად იყენებდნენ ადამიანების ოჯახურ და პირად ტრაგედიებს, ვრცელდებოდა ისეთი აბსურდული ვერსიები, მტკიცებით ფორმაში, რომელიც აშკარად ემსახურებოდა ძალოვანი სტურტურების დისკრედიტაციას და პირდაპირ წყალს ასხამდა ჩვენი მტრულად განწყობილი მეზობლის ინტერესებზე. რასაც ისინი კარგა ხანია ცდილობენ და ამაში ეხმარებოდნენ ჩვენი თანამოქალაქეები და ასე ვთქვათ, თავისუფალი მედიის წრმომადგენლები, რაც დამაზიანებელია და შეიძლება გამოიწვიოს ისეთი შედეგები, რომლის გამოსწორებას დიდი დრო დასჭირდება“,-განაცხადა ლილუაშვილმა.

იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2021
ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
გოგა მელიქიძე - საპენსიო სააგენტო კაპიტალის ბაზარზე საგრძნობლად გააქტიურდება
როგორ გავხადოთ თქვენი ქალაქი ჭკვიანი და უსაფრთხო: გადაწყვეტილება Ekin-ისგან ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე
ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა
"ბარაქამ" აგრომაღაზია და ფერმერთა მომსახურების ცენტრები გახსნა - რას სთავაზობს კომპანია ფერმერებს
"ვოლტი საქართველო" 3 წლის გახდა